კანდელაკის ქუჩაზე დასასვენებელი სივრცის რეაბილიტაცია დასრულდა
საბურთალოს რაიონის გამგეობის ერთ-ერთი პრიორიტეტი მოსახლეობისთვის დასასვენებელი სივრცეების მოწყობა-რეაბილიტაციაა.
ამჯერად, ინფრასტრუქტურული პროექტი, რომლის ღირებულება 500 – 800 ლარია, ს. კანდელაკის ქუჩაზე, N14-16-ში განხორციელდა.
პროექტის ფარგლებში, 1 500 კვ.მ ფართობზე განახლდა სკვერის სივრცე და დამონტაჟდა ყველა შესაბამისი საპარკო ინფრასტრუქტურა. მოეწყო სატრენაჟორო და საბავშვო გასართობი ზონები, დამონტაჟდა განათებისა და სარწყავი ქსელები. ტერიტორია გამწვანდა – დაიგო რულონური ბალახი და დაირგო 200-მდე სხვადასხვა ჯიშის ხე-მცენარე.
გარდა ამისა, აღნიშნულ მისამართზე საფეხბურთო სპორტული მოედანიც რეაბილიტირდა. სარეაბილიტაციო სამუშაოები შეასრულა გამგეობის კონტრაქტორმა კომპანიამ „მონოლითი 2005″.
დასრულებულ სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გიზო ვასაძე, ასევე პარლამენტის წევრი, საბურთალოს რაიონის დელეგატი აკაკი ალადაშვილი, საკრებულოს საბურთალოს რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი ავთანდილ ცინცაძე და საკრებულოს წევრი თათია ჩახვაშვილი გაეცნენ.