მცხეთა-მთიანეთის პოლიციამ ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ფეთქებადი ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის საგურამოს პოლიციისა და დუშეთს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ფეთქებადი ნივთიერების მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით 1963 წელს დაბადებული მ.ნ. დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, დანაშაული 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

“სამართალდამცველებმა ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე მ.ნ.-ს პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად სხვადასხვა სახის ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღეს, კერძოდ: 2 581 საბრძოლო ვაზნა, 12 შეკვრა ასაფეთქებელი ნივთიერება „ტროტილი“, 15 ამფეთქი ფალია, 15 მჭიდი, 2 ხელყუმბარა და ტყვიამფრქვევი.

სამართალდამცველების მიერ საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებები: გამომშრალი „მარიხუანა“, ფსიქოტროპული ნივთიერება და 6 ძირი მცენარე „კანაფი“.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 265-ე და 273-ე პრიმა მუხლების პირველი ნაწილებით მიმდინარეობს,”- წერია ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები