სამართალდამცველებმა 103 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება ,,მეტამფეტამინი“ ამოიღეს, რომლის ღირებულება ე.წ. შავ ბაზარზე დაახლოებით 30 მილიონ ლარს შეადგენს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საერთაშორისო ნარკოტრეფიკის მორიგი ფაქტი გამოავლინეს.

როგორ შსს-ში გამართულ ბრიფინგზე, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა დავით კიკნაძემ განაცხადა, სამართალდამცველების მიერ ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით – 103კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება ,,მეტამფეტამინი“, რომლის საბაზრო ღირებულება ე.წ. შავ ბაზარზე დაახლოებით 30 მილიონ ლარს შეადგენს.

„განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე, დაკავებულია ერთი პირი.

სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ-ერთი კომპანიის კუთვნილი სატვირთო ავტომობილი, რომელიც დატვირთული იყო კაუსტიკური სოდით, საქართველოში მეზობელი ქვეყნიდან შემოვიდა და მესამე ქვეყანაში უნდა გასულიყო.

სამართალდამცველებმა, ტვირთის დეტალური დათვალიერებისას, ტომრებში გადანაწილებული, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება აღმოაჩინეს.

მოცემულ საქმეში ჩართული სხვა პირების დადგენისა და მათი სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის მიზნით, შესაბამისი კომპლექსური ღონისძიებები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 262-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად რჩება ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა, სამართალდამცველები 24 საათიან რეჟიმში ახორციელებენ შესაბამის კომპლექსურ საპოლიციო ღონისძიებებს, ნარკოდანაშაულში ჩართული პირების გამოვლენისა და სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის მიზნით“, – განაცხადა დავით კიკნაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები