თურქეთის ხელისუფლების ცნობით, ბოლო 10 დღის განმავლობაში ქვეყანაში 761 ხანძრის კერა დაფიქსირდა.
ბოლო მონაცემებით, ყველა მათგანი ჩამქრალი ან კონტროლის ქვეშაა, მათ შორის 20 მსხვილი ხანძარი იზმირის, საქარიას, ჰათაის, ბილეჯიკის, მანისას, სტამბოლისა და ბურსას პროვინციებში.
ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ალი იერლიკაიამ განაცხადა, რომ მხოლოდ იზმირში, სადაც ზარალის სრული მასშტაბის შეფასება ჯერ კიდევ მიმდინარეობს, ხანძარმა სერიოზულად დააზიანა, სულ მცირე, 228 სახლი. მინისტრის თქმით, ადამიანები, რომლებმაც სახლები დაკარგეს, დროებით საცხოვრებლებში განთავსდებიან.
მედიის ცნობით, ხანძარმა ფართომასშტაბიანი ნგრევა გამოიწვია, იზმირში სამი სოფელი გადაწვა და 81 წლის მამაკაცისა და ორი მაშველის სიცოცხლე შეიწირა.
ბოლო დღეების განმავლობაში ქვეყნის სხვა ნაწილებიდან ათიათასობით ადამიანი იქნა ევაკუირებული.
ცნობისთვის, ოფიციალური მონაცემებით, თურქეთს 27 სახანძრო თვითმფრინავი და 105 სახანძრო ვერტმფრენი ჰყავს.