მარკ რუტე: აშშ-ის ინტერესებშიცაა, რომ უკრაინამ ომი არ წააგოს – უსაფრთხო ევროპა ნიშნავს უსაფრთხო ამერიკას

ნატოს გენერალური მდივნის, მარკ რუტეს განცხადებით, მას ესმის აშშ-ის ადმინისტრაციის სურვილის, პირველ რიგში, საკუთარი ინტერესების დაცვაზე იზრუნოს, მაგრამ, ამავდროულად, მოუწოდებს შეერთებულ შტატებს, უკრაინის სამხედრო მხარდაჭერა გააგრძელოს. ამის შესახებ რუტემ Fox News-ის ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, „სრულად აცნობიერებს“ აშშ-ის სურვილს, პირველ რიგში, უზრუნველყოს უსაფრთხოების სფეროში საკუთარი ინტერესების რეალიზაცია.

„მაგრამ როდესაც საქმე უკრაინას ეხება, მოკლევადიან პერსპექტივაში უკრაინა ვერ გაძლებს ყველა იმ მხარდაჭერის გარეშე, რომელიც მას საბრძოლო მასალისა და საჰაერო თავდაცვის სისტემების მხრივ შეუძლია მიიღოს“, – აღნიშნა მან.

ამასთან, გენერალურმა მდივანმა თქვა, რომ გასულ კვირას ნატოს სამიტის ფარგლებში, უკრაინისა და აშშ-ის პრეზიდენტები შეხვდნენ ერთმანეთს და „ძალიან კარგი დისკუსია გამართეს, კერძოდ, საჰაერო თავდაცვის სისტემებთან დაკავშირებით“.

„დიახ, მესმის, რომ აშშ-მა საკუთარი იარაღის მარაგებზე უნდა იზრუნოს. ამავდროულად, ჩვენ უნდა დავუშვათ გარკვეული მოქნილობა“, – აღნიშნა რუტემ.

გარდა ამისა, ალიანსის ხელმძღვანელმა განსაკუთრებით ხაზი გაუსვა იმას, რომ ევროპული სახელმწიფოებიც ზრდიან თავდაცვის ხარჯებს და დახმარებას უკრაინისთვის, „მაგრამ ჩვენ არ შეგვიძლია გავძლოთ შეერთებული შტატების პრაქტიკული მხარდაჭერის გარეშე“.

„ასევე, შეერთებული შტატების ინტერესებშია, რომ უკრაინამ ეს ომი არ წააგოს… უსაფრთხო ევროპა ასევე ნიშნავს უსაფრთხო შეერთებულ შტატებს. ეს ყველაფერი ერთმანეთთან არის დაკავშირებული“, – დასძინა ნატოს გენერალურმა მდივანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები