პაპუაშვილი – საქართველოში გაეროს მუდმივ კოორდინატორთან შეხვედრაზე: ვისაუბრეთ თანამშრომლობის ახალ ციკლზე, რომელიც განვითარების თანამშრომლობის შესახებ 2026-2030 წლების ხელშეკრულებაზე მიმდინარე სამუშაოს დასრულების შემდეგ დაიწყება

“ჩემს მოადგილე ნინო წილოსანთან ერთად, საქართველოში გაეროს მუდმივ კოორდინატორ დიდიე ტღებიუკს და გაეროს ინსტიტუტების – გაეროს განვითარების პროგრამის, გაეროს ქალთა ორგანიზაციის, ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის, მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის წარმომადგენლებს შევხვდი”, – ამის შესახებ, პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, შეხვედრაზე დადებითად შეფასდა საქართველოს მრავალწლიანი თანამშრომლობა გაეროსა და მის ინსტიტუტებთან.

“ვისაუბრეთ თანამშრომლობის ახალ ციკლზე, რომელიც განვითარების თანამშრომლობის შესახებ 2026-2030 წლების ხელშეკრულებაზე მიმდინარე სამუშაოს დასრულების შემდეგ დაიწყება და, დიდიე ტღებიუკის თქმით, საქართველოს ეროვნული განვითარების პრიორიტეტებისა და მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელებაში შეუწყობს ხელს.

დიდიე ტღებიუკი დაინტერესდა საქართველოს პარლამენტის პრიორიტეტებით, მიმდინარე და დაგეგმილი საკანონმდებლო საქმიანობით, რაზეც დეტალური ინფორმაცია მივაწოდე”, – წერს პაპუაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები