ლევან მაჭავარიანი ევროსაბჭოს ორგანიზებულ ტრენინგზე: ჩვენ არაერთხელ მოვთხოვეთ დონორ ორგანიზაციას თავიანთი გამჭვირვალობა – მოვთხოვეთ ის, რომ ჩაეშალათ თუ რაში იხარჯება მათ მიერ საქართველოში წამოსული თანხები და მივიღეთ უარი

„ამ კონკრეტულ ტრენინგებზე ჩვენ ვხედავთ მდიდარი „ენჯეოების“ წარმომადგენლებსაც, რაც კიდევ უფრო ამყარებს იმ ეჭვს, რომ იქ ცოტა სხვა საკითხებზე მიდის საუბარი. ისევ რევოლუციურ სცენარებზე მიდის დატრენინგება,“ – ამის შესახებ, საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანმა ევროსაბჭოს ორგანიზებულ ტრენინგთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ძალიან სამწუხაროა, რომ ეს ყველაფერი ევროპის ფულით კეთდება.

„ჩვენ არაერთხელ მოვთხოვეთ დონორ ორგანიზაციას თავიანთი გამჭვირვალობა. მოვთხოვეთ ის, რომ ჩაეშალათ თუ რაში იხარჯება მათ მიერ საქართველოში წამოსული თანხები და მივიღეთ უარი, ძალიან სამწუხაროა. ეს კიდევ მეტ ეჭვს აჩენს. შემდეგ ბატონმა პაპუაშვილმა წერილიც გაუგზავნა უკვე ოფიციალურ სტრუქტურებს და ექვსი თვის შემდეგ მიიღო ძალიან ბუნდოვანი პასუხი, რომ ისინი ამ ყველაფერს საჯაროს არ გახდიდნენ. შესაბამისად, აგრძელებს ასეთ ქმედებებს, მაგრამ როგორც წინა შემთხვევებში კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ, ასე იქნება ახლაც“, – აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.

შეგახსენებთ, რომ მესამე დღეა ბათუმში, ევროსაბჭოს ორგანიზებით, ტრენინგი მიმდინარეობს. შეხვედრას „ენჯეო“ სექტორიც ესწრება. ტრენინგის მონაწილეები მედიასთან ისევ არ ჩნდებიან, რა მიზანს ემსახურება შეხვედრა კომენტარს არ აკეთებენ. არსებული ინფორმაციით, მსჯელობის ერთ-ერთი საკითხია მშვიდობიანი შეკრებების მართვა და ძალის გამოყენება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები