მწერალთა სახლში უკრაინის ქალაქ მირგოროდის დავით გურამიშვილის მუზეუმის დირექტორს, მარინა კამინსკას შეხვდნენ

დღეს მწერალთა სახლში დიდი ქართველი პოეტის, დავით გურამიშვილის დღე იყო. მწერალთა სახლის ინფორმაციით, გაიმართა შეხვედრა უკრაინის ქალაქ მირგოროდის დავით გურამიშვილის მუზეუმის დირექტორთან, ქალბატონ მარინა კამინსკასთან. შეხვედრა მოიცავდა როგორც პოეტის შემოქმედებით საღამოს, ასევე დავით გურამიშვილის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ ძალზე ვრცელ, ყოვლისმომცველ საუბრებს.
საღამოს მოდერაციას უწევდნენ: ქართულ-უკრაინულ ურთიერთობათა მკვლევარი, მთარგმნელი, ქალბატონი თამარ გაბოძე და მწერალი ბაჩო კვირტია.
დღევანდელი საღამო მუსიკალურად გაამდიდრა ანსამბლმა „ბერმუხამ“, რომელმაც სიმღერები ქართულ და უკრაინულ ენებზე შეასრულა.
თამარ გაბოძემ ვრცლად ისაუბრა დავით გურამიშვილის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე, პოეტის შემოქმედებაზე, მირგოროდში არსებული მუზეუმის ისტორიაზე, რომელიც უკვე 60 წელზე მეტს ითვლის, და დიდი მადლობა გადაუხადა მარინა კამინსკას საქართველოში სტუმრობისთვის, მისი სიყვარულისა და პატივისცემისთვის ჩვენი ქვეყნის, ჩვენი კულტურის მიმართ.
საღამოზე სიტყვით გამომსვლელებმა ძალზე საინტერესოდ ისაუბრეს დიდი ქართველი პოეტის ცხოვრების, მისი ბედის, მისი შემოქმედების შესახებ. მადლობა გადაუხადეს უკრაინელ სტუმარს საქართველოში ვიზიტისთვის, ხოლო მის სამშობლოს მშვიდობა და კეთილდღეობა უსურვეს.
შეხვედრის მეორე ნაწილში მირგოროდში დავით გურამიშვილის მუზეუმსა და მწერალთა სახლს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რითაც ქართულ და უკრაინულ ინსტიტუციებს შორის სამომავლო მჭიდრო ურთიერთობებს და კულტურულ თანამშრომლობას საფუძველი ჩაეყარა.
შეხვედრის დასკვნით ნაწილში მარინა კამინსკამ აუდიტორიისთვის ვიდეოჩანაწერების ჩვენება მოაწყო, რომელიც დავით გურამიშვილის მუზეუმის ცხოვრებას, იქ დაცულ ექსპონატებს, მუზეუმის აქტივობებს და საქართველოსთან მჭიდრო კავშირს ასახავს.
„დავით გურამიშვილის მუზეუმის დირექტორის ვიზიტით თბილისში, მწერალთა სახლში, და ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმებით კიდევ ერთხელ გადაიკვეთა ორი მოძმე ქვეყნის − საქართველოსა და უკრაინის კულტურული და შემოქმედებითი გზები, რომელსაც გაგრძელება და განვითარება უსათუოდ ექნება“, – წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები