ენათმეცნიერების ინსტიტუტი 85-ე წლისთავს ულოცავს ცნობილ ენათმეცნიერს – ვაჟა შენგელიას

ენათმეცნიერების ინსტიტუტი 85-ე წლისთავს ულოცავს ცნობილ ენათმეცნიერს, კავკასიოლოგს, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტს, ბატონ ვაჟა შენგელიას.
„ნახევარ საუკუნეზე მეტია, რაც ვაჟა შენგელია ენათმეცნიერების ინსტიტუტში მოღვაწეობს – ერთგულად და მუხლჩაუხრელად. სხვადასხვა დროს იგი გახლდათ ჯერ უფროსი, შემდეგ წამყვანი და მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, ინსტიტუტის სწავლული მდივანი, დირექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში, ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე. ბატონი ვაჟა არის კრებულის – „იბერიულ-კავკასიური ენათმეცნიერებისა“ და არნ. ჩიქობავას შრომების მრავალტომეულის მთავარი რედაქტორი, ინსტიტუტის ყოველწლიური სამეცნიერო სესიის – „არნ. ჩიქობავას საკითხავების“ – ორგანიზატორი და სესიის მასალების რედაქტორი; ელექტრონული ჟურნალის – „იბერიულ – კავკასიური ენათმეცნიერების წელიწდეულის“ – სამეცნიერო საბჭოს წევრი; ენათმეცნიერ-კავკასიოლოგთა საერთაშორისო სიმპოზიუმების საორგანიზაციო კომიტეტის წევრი და არაერთი სიმპოზიუმის თავმჯდომარე, აგრეთვე – ათეულობით წიგნის რედაქტორი, სარედაქციო კოლეგიის წევრი არაერთი პერიოდული გამოცემისა: „ქართველურ ენათა სტრუქტურის საკითხები“, „ქართული სიტყვის კულტურის საკითხები“, „ეტიმოლოგიური ძიებანი“, „ტერმინოლოგიის საკითხები“ და სხვ.
ორ ათეულ წელზე მეტია, რაც ბატონი ვაჟა მთის იბერიულ-კავკასიურ ენათა განყოფილებას ხელმძღვანელობს. იგი იკვლევს ქართველურ და მთის იბერიულ-კავკასიურ (კერძოდ, აფხაზურ-ჩერქეზულ) ენათა სტრუქტურისა და ისტორიის საკითხებს. არის 150-ამდე სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. მისმა კვლევებმა განსაკუთრებული წვლილი შეიტანა ქართველურ თუ იბერიულ-კავკასიურ ენათა შესწავლის სფეროში.
ბატონ ვაჟას უდიდესი ღვაწლი მიუძღვის კავკასიოლოგიის თბილისური სკოლის ჩამოყალიბებასა და განვითარებაში. მისმა განსაკუთრებულმა პიროვნულმა თვისებებმა დიდწილად განსაზღვრა ქართველ და ჩრდილოკავკასიელ მკვლევართა მეგობრული კონტაქტები, რაც უკვე ტრადიციად იქცა.
ცალკე უნდა აღინიშნოს ვაჟა შენგელიას პედაგოგიური მოღვაწეობის შესახებ. იგი გასული საუკუნის 80-იანი წლებიდან კითხულობს ლექციებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. აღსანიშნავია ისიც, რომ არაერთმა ქართველმა თუ კავკასიელმა მკვლევარმა მოამზადა და დაიცვა დისერტაცია ვაჟა შენგელიას ხელმძღვანელობითა და ხელშეწყობით.
ბატონი ვაჟა უბადლო გამგრძელებელია იმ გზისა, რომელსაც სათავე დაუდო მისმა მასწავლებელმა – დიდმა არნოლდ ჩიქობავამ.
ენათმეცნიერების ინსტიტუტი კიდევ ერთხელ ულოცავს ვაჟა შენგელიას იუბილეს, უსურვებს დიდხანს სიცოცხლესა და ნაყოფიერ სამეცნიერო მოღვაწეობას“! – წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები