როგორც მაჭარაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, “დუმილით დიპლომატებმა აღიარეს, რომ მხარს უჭერდნენ და ახალისებდნენ რადიკალიზმს და ის რაც გუშინ მოხდა, სხვა არაფერია, თუ არა მათივე წახალისებული პროცესების შედეგი”.
„ბოლო დროს ვიხილეთ, თუ როგორ გამძაფრდა ზეწოლა უცხოეთიდან და აქაური ელჩების მხრიდან. ეს იყო განცხადებები, პრაქტიკული ნაბიჯები, მათ შორის დაფინანსების სახით, რომლებიც ახალისებდნენ ძალადობას. იმ დონეზე მივიდნენ, რომ გერმანიის ელჩი ერთ-ერთი აქტივისტის სასამართლო პროცესსაც კი დაესწრო.
გუშინდელ დღესთან დაკავშირებით განცხადებებს იმიტომ ვერ აკეთებენ, რომ მიხვდნენ ელჩებიც და მათი პატრონებიც, რომ საქართველოში აბსოლუტური უმრავლესობა არ ემხრობა რევოლუციურ პროცესებს. მეტიც, მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა მხარს უჭერს ეროვნულ ხელისუფლებას, ხოლო მათი უმრავლესობა კი, ვინც პოლიტიკურად არ იზიარებს ხელისუფლების შეხედულებას, არ ემხრობა რევოლუციურ პროცესებს.
სამწუხაროდ, ზოგიერთი ქვეყნის ელჩს (საბედნიეროდ ყველას არა), ცუდი ბედი ერგო – თუ ცუდი არ თქვეს, კარგს ვერ ამბობენ საქართველოს ხელისუფლებაზე. გუშინდელმა დღემ დაადასტურა, რომ კარგს ვერაფერს იტყოდნენ აქციის მონაწილეებზე და შესაბამისად ვერაფერი თქვეს, ცუდიც ვერ თქვეს, იმიტომ, რომ ამ პროცესებს თვითონ ახალისებდნენ. ეს იყო შედეგი იმის, რასაც ისინი ადრე ახალისებდნენ. ამიტომაც, მათ მიერ დაფინანსებულ და წახალისებულ პროცესზე ცუდს ვერაფერს იტყოდნენ. ეს დუმილი მათი მხრიდან არამარტო ცუდი ფაქტია, არამედ შეურაცხმყოფელია დიპლომატიისათვის – ქვეყანაში სადაც ელჩი ხარ, ასეთი პროცესები იმართება და შენ განცხადების გაკეთების შესაძლებლობაც არ გაქვს”, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.