რეაბილიტაციის ფარგლებში, რუსთაველის გამზირზე არსებული შენობა-ნაგებობებიც განახლდება
რუსთაველის გამზირზე მომავალი წლისთვის დაგეგმილი რეაბილიტაცია, მიწისქვეშა კომუნიკაციებისა და საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების გარდა, მასზე არსებული შენობა-ნაგებობების განახლებასაც მოიცავს.
თბილისის მერიის ინფორმაციით, აღნიშნულთან დაკავშირებით, ასევე, გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოების მომავალი წლისთვის გადადების მიზეზებზე თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.
„ჩვენ ჯერ კიდევ გასული წლის ბოლოს, როდესაც დედაქალაქის 2025 წლის ბიუჯეტი მტკიცდებოდა, ერთ-ერთ მთავარ ინფრასტრუქტურულ პროექტად რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია გამოვყავით. მაშინაც გვქონდა იგივე დამოკიდებულება, რომ პირველ რიგში, უნდა მოწესრიგდეს მიწისქვეშა კომუნიკაციები. მიწის ქვემოთ არსებული ინფრასტრუქტურა დღეს ერთ-ერთი გამოწვევაა დედაქალაქისთვის, რადგან იგი ამორტიზებულია და მთელ რიგ ქუჩებსა და გამზირებზე პრობლემას წარმოადგენს. როდესაც რომელიმე ქუჩის რეაბილიტაციას ვიწყებთ, პირველ რიგში, მიწისქვეშა კომუნიკაციებს ვაწესრიგებთ. იგივე გვქონდა დაგეგმილი რუსთაველის გამზირზე. ჩვენ ვაწარმოვეთ მთელი რიგი კვლევები და გამოიკვეთა, რომ რუსთაველის გამზირზე არ არსებობს, არც სანიაღვრე და არც წყალარინების სისტემა. არის ერთი კომუნისტების დროს აშენებული, ავარიული კოლექტორი, რომელიც ატარებს ყველაფერს. პირველი უნდა განხორციელდეს ამ კოლექტორის სადემონტაჟო სამუშაოები, რომელიც გარკვეულ დროს საჭიროებს“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, მერია რუსთაველის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებას სამი თვის ვადაში გეგმავდა, თუმცა ზემოთ აღნიშნული სირთულეებიდან გამომდინარე, ამ პროცესისთვის უფრო მეტი დრო იქნება საჭირო.
„აქედან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ წელს აღნიშნულ სამუშაოებს არ ვაწარმოებთ და გადავდებთ მომავალი წლისთვის. ამასთან, პირველი იქნება მიწისქვეშა კომუნიკაციებისა და საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, შემდეგ კი, დაგეგმილი გვაქვს რუსთაველის გამზირზე არსებული შენობა-ნაგებობების განახლება-რეაბილიტაცია, თავისი ფასადებით, რადგან ბევრი მათგანი ავარიულია“, – განაცხადა კახა კალაძემ.