ლევან მახაშვილი: ოპოზიციისთვის ფასეულია მხოლოდ საკუთარი ვიწროპოლიტიკური ინტერესები – თუ საჭიროა, ერთ დღეს ამერიკის ელჩს გააღმერთებენ, მეორე დღეს „ფეისბუქზე“ შეუვარდებიან და მთლიან საელჩოს მიწაში ჩადებენ
“მაშინ, როდესაც ოპოზიცია თავის შიდა თუ გარე დამქაშებთან ერთად ქვეყანას უფსკრულისკენ ეწევა, ჩვენ პასუხისმგებლობიანად გავაგრძელებთ ქვეყნის განვითარებას და მოსახლეობაზე ზრუნვას”, – ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, არსებობენ ძალები, რომლებიც ცდილობენ, საქართველო ქაოსში ჩაითრიონ.
“ეს ძალები არსად გამქრალან, უფრო მეტიც, ამჯერად ევროპის კონტინენტზე იწყობენ თბილ ბუდეს, რომ ევროპულ ინსტიტუციებს ამოფარებულებმა კვლავ ჭკუის სწავლება განაგრძონ. ამით იმედ მოცემული ოპოზიცია მზად არის გაწიროს ყველაფერი, ოღონდ ძალაუფლება ხელში ჩაიგდოს. მათთვის არ არსებობს არც ევროპა, არც აშშ და რაც ყველაზე სამწუხაროა, არც საქართველოს ეროვნული ინტერესები, არცერთი მათგანი არ არის მათთვის ფასეული. მათთვის ფასეულია მხოლოდ საკუთარი ვიწროპოლიტიკური ინტერესები და თუ საჭიროა, ამისთვის ამერიკასაც გალანძღავენ, ევროკავშირსაც და საქართველოს მომავალსაც ზედ მიაყოლებენ. ერთ დღეს ამერიკის ელჩს გააღმერთებენ, მეორე დღეს „ფეისბუქზე“ შეუვარდებიან და მთლიან საელჩოს მიწაში ჩადებენ. გაუკეთებიათ, აკეთებენ და მომავალშიც გააკეთებენ. ამიტომ, ერთ რამეში უნდა ვიყოთ ძალიან მკაფიო-მშვიდობა არ არის საჩუქარი, ის არის პასუხისმგებლობა. ჩვენ არაერთხელ დავუმტკიცეთ მოსახლეობას, რომ მათ შეუძლიათ ჰქონდეთ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების და მისი პასუხისმგებლობიანი პოლიტიკის იმედი, თუნდაც ყველაზე რთულ დროს. მაშინ, როდესაც ოპოზიცია თავის შიდა თუ გარე დამქაშებთან ერთად ქვეყანას უფსკრულისკენ ეწევა, ჩვენ პასუხისმგებლობიანად გავაგრძელებთ ქვეყნის განვითარებას და მოსახლეობაზე ზრუნვას“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.