“ერთიანი ნეიტრალური საქართველო”: მიუხედავად იმისა, რომ 2020 წელს ISFED-ს დაუდასტურდა PVT-ის შედეგების გაყალბება, სამართლებრივად არავის უგია პასუხი – იმედს გამოვთქვამთ, რომ ამჯერად მაინც მოხდება ISFED-ის საქმიანობის სამართლებრივი შეფასება და ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ დანაშაულის ჩამდენთა პასუხისგებაში მიცემა

საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, რომ გენერალურმა პროკურატურამ არასამთავრობო ორგანიზაცია ISFED-ისგან გამოითხოვა 2024 წლის არჩევნების ხმების პარალელური დათვლის(PVT) შედეგები. შეგახსენებთ, რომ უკვე 6 თვეა ISFED-ი მალავს აღნიშნულ მონაცემებს და ახლა უკვე საგამოძიებო უწყებისთვის გადაცემის პროცესსაც აჭიანურებს, – ამის შესახებ “ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ.

როგორც საზოგადოებრივი მოძრაობის განცხადებაშია აღნიშნული, ეს ქმედება კიდევ ერთი მტკიცებულებაა “ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” მიმართვის საფუძველზე დაწყებული გამოძიებისათვის, რომელიც საბოტაჟსა და უცხო ქვეყნისათვის ან უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას ეხება.

“ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” ცნობითვე, 2020 წელს ISFED-ს დაუდასტურდა “პივიტის” შედეგების გაყალბება, თუმცა, აღნიშნული ქმედება სათანადოდ არ შეფასებულა და სამართლებრივად არავის უგია პასუხი, შესაბამისად, ისინი იმედს გამოთქვამენ, რომ ამჯერად მაინც მოხდება ISFED-ის საქმიანობის სამართლებრივი შეფასება, მის უკან მდგომი ძალებისა და მათი მიზნების მხილება და საქართველოს წინააღმდეგ დანაშაულის ჩამდენთა პასუხისგებაში მიცემა.

“საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, რომ გენერალურმა პროკურატურამ არასამთავრობო ორგანიზაცია ISFED-ისგან გამოითხოვა 2024 წლის არჩევნების ხმების პარალელური დათვლის(PVT) შედეგები. შეგახსენებთ, რომ უკვე 6 თვეა ISFED-ი მალავს აღნიშნულ მონაცემებს და ახლა უკვე საგამოძიებო უწყებისთვის გადაცემის პროცესსაც აჭიანურებს. მიგვაჩნია, რომ ეს ქმედება კიდევ ერთი მტკიცებულებაა “ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” მიმართვის საფუძველზე დაწყებული გამოძიებისათვის, რომელიც საბოტაჟსა და უცხო ქვეყნისათვის ან უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას ეხება.
ISFED-ი საქართველოში მოქმედი აგენტურული ქსელის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რგოლია, რომელსაც პატრონები სხვადასხვა დროს განვითარებულ რევოლუციურ პროცესებში საკვანძო როლს აკისრებდნენ. ასე იყო 2020 წელსაც, როდესაც ISFED-მა წინასწარი განზრახვით გააყალბა ხმების პარალელური დათვლის შედეგები, რითაც არჩევნების ლეგიტიმაცია ხელოვნურად დააყენა კითხვის ნიშნის ქვეშ და სათავე დაუდო დესტრუქციულ პროცესებს, რასაც მოჰყვა პოლიტიკური კრიზისი და ქვეყნის შიდა საქმეში უცხოური აქტორების უხეში ჩარევის შედეგად მიღებული ე.წ. “შარლ მიშელის შეთანხმება,” რომელიც ცალსახად იყო დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლების დასუსტების და მისი აგენტურული ძალებით ჩანაცვლების გეგმა.
მიუხედავად იმისა, რომ 2020 წელს ISFED-ს დაუდასტურდა PVT-ის შედეგების გაყალბება, აღნიშნული ქმედება სათანადოდ არ შეფასებულა და სამართლებრივად არავის უგია პასუხი, იმ ზიანისათვის რაც მათ მიერ განზრახ ჩადენილმა ქმედებამ ჩვენს ქვეყანას მიაყენა. ISFED-მა განაგრძო საქმიანობა და დონორებმაც განაგრძეს მისი დაფინანსება, რაც ცხადყოფს, რომ დანაშაულის ჩადენა და საქართველოში რევოლუციური პროცესების ხელშეწყობა გარე ძალების დავალებით ხორციელდებოდა.
სხვა არაერთ მტკიცებულებასთან ერთად, ყოველივე ეს ადასტურებს საქართველოს წინააღმდეგ ფართო შეთქმულების არსებობას, რომელიც დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლების დამხობას და მმართველობაში აგენტების მოყვანას ისახავდა მიზნად.
იმედს გამოვთქვამთ, რომ ამჯერად მაინც მოხდება ISFED-ის საქმიანობის სამართლებრივი შეფასება, მის უკან მდგომი ძალების, მათი მიზნების მხილება და ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ დანაშაულის ჩამდენთა პასუხისგებაში მიცემა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები