საქართველოს აქვს ამბიცია, შუა დერეფანში შეასრულოს მნიშვნელოვანი როლი, აქედან გამომდინარე, ცენტრალური აზიის ქვეყნებთან ის ურთიერთობები, რომელიც გვაქვს, კიდევ უფრო უნდა გაღრმავდეს, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა.
მისივე თქმით, ამ ფონზე, პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანია და თურქმენეთი საქართველოსთვის საინტერესო პარტნიორია.
„უკეთ უნდა გამოვიყენოთ ის პოტენციალი, რაც ცენტრალური აზიის ქვეყნებში არსებობს. შესაბამისად, თურქმენეთში მაღალი დონის ვიზიტი არის ძალიან კარგი შესაძლებლობა იმისათვის, რომ კარგად ვნახოთ, თუ რა სფეროებში შეიძლება გავაძლიეროთ თანამშრომლობა, განსაკუთრებით ეკონომიკური კუთხით, რა პოტენციალი არსებობს ორ ქვეყანას შორის იმისთვის, რომ მომავალ წლებში კიდევ უფრო მეტად გავაღრმაოთ ურთიერთობები და უკეთესი ეკონომიკური სარგებელი ნახოს ქვეყანამ ამ ურთიერთობებიდან. თურქმენეთის, როგორც სატრანზიტო ქვეყნის როლი არის ძალიან მნიშვნელოვანი. აუცილებელია, გვქონდეს კარგი თანამშრომლობა, ურთიერთგაგება, რათა კარგად და სრულად ავითვისოთ ის პოტენციალი, რაც სატრანზიტო ფუნქციას შეიძლება ჰქონდეს ჩვენს ქვეყნებს შორის,”- აღნიშნა მინისტრმა.