ბორის ჩელე ყურუა: მგონია, რომ ველზე დღეს არსებული პოლიტიკური პარტიების უმეტესობა თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს
„გირჩი – მეტი თავისუფლების“ წევრმა, ბორის ჩელე ყურუამ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით ისაუბრა, რომელსაც ჰგონია, რომ პოლიტიკური პარტიების უმეტესობა ამ არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს.
კითხვაზე იღებენ თუ არა ოპოზიციური პარტიები თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას და როგორ უნდა მიიღოს ოპოზიციამ ეს გადაწყვეტილება, ბორის ჩელე ყურუა პასუხობს, რომ ეს დახურულ კარს მიღმა და პარტიების მიერ ინდივიდუალურად მისაღები გადაწყვეტილებაა.
„ოპოზიციას ზოგადად ბევრი გადაწყვეტილება აქვს მისაღები და მათ შორის, რაღაც გეგმის ნასახი რომ დაიდო, მაგაზე შეთანხმება არის მთავარი. მაგას თუ ვთანხმდებით, რომ ახლა, ჩვენი მიზანი და ჩვენი ფოკუსი არჩევნებია, ჯერ იმაზე უნდა შევთანხმდეთ როგორი არჩევნებია ჩვენი ფოკუსი იმიტომ, რომ შემდეგი არჩევნები მოდის ისევ ისეთი, როგორიც წინა იყო და მოდი ჯერ მაგაზე შევთანხმდეთ მონაწილეობას ვიღებთ თუ არა და თან ის, რომ ახალი არჩევნები გვინდა, აღარ გამოდის, რომ ახალი არჩევნები გინდოდეს თუ ამ ჩვეულებრივ [თვითმმართველობის] არჩევნებში იღებ მონაწილეობას, რომელიც ახლა დგება. მგონია, ეს გადაწყვეტილება ყველა პოლიტიკურმა პარტიამ ცალ-ცალკე, თავისთვის უნდა მიიღოს. ვერ შეიქმნება ერთიანი დიდი კრება, სადაც ადამიანები ამ გადაწყვეტილებას ხელის აწევით მიიღებენ, ან ამაზე ლაპარაკს დაიწყებენ. ჯერ ერთი, დახურულ კარს მიღმა მისაღები გადაწყვეტილებაა და ყველა პოლიტიკურმა პარტიამ თავისთვის უნდა მიიღოს. მე მგონია, რომ ველზე დღეს არსებული პოლიტიკური პარტიების უმეტესობა მიიღებს ამ არჩევნებში მონაწილეობას“,- განაცხადა ბორის ჩელე ყურუამ.