ლელა რაზიკაშვილი: ჩვენ გვახსოვს ომის თემა როგორი დასაცინი იყო არჩევნების პერიოდში, მე დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ოპოზიციას ომის თემა სერიოზულად რომ მიეღო უკეთესი შედეგი ექნებოდა
ჩვენ თითქოს ხშირად ვამბობ ხოლმე, რომ ყველაფერი გავიარეთ, ეპოქის ყველა ტკივილი და ჭირი გავიარეთ, საბჭოთა კავშირის დაშლა და სეპარატისტული ომები, გავიარეთ თავდასხმა გარედან, გავიარეთ რევოლუციაც. ყველაფერი, რასაც სიკვდილი მოჰყვებოდა, ცხედრები მოჰყვებოდა, ინგრეოდა, საზოგადოებები ერთმანეთს უპირისპირდებოდა, ქვეყნები და ღირებულებები ირღვეოდა, ყველაფერი გარკვეული დოზით მივიღეთ და თითქოს ამ გზაზე აცრასავით, იმუნიტეტი გამოგვიმუშავდა, – ამის შესახებ ვაჟა-ფშაველას ფონდის ხელმძღვანელმა, ლელა რაზიკაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
„ძალიან სახიფათო პერიოდი გავიარეთ ახლა, არა მარტო იმიტომ, რომ გარედან იყო ზეწოლა, არამედ საქართველოში ხედავთ ალბათ ქუჩებში ადამიანებს, თან როგორ ანთებულ, დარწმუნებულს თავის თავში. ისინი ფიქრობენ, რომ ომში უნდა დაიბადოს ქვეყანა. ჩვენ ეს გზა გავიარეთ და მე არ ვიცი იმაზე მნიშვნელოვანი ახლა რა არის, როცა დგახარ ამ კატაკლიზმების პერიოდში და უყურებ და ეძებ არა ყველაზე დიდ ტალღას რომ შეასკდე, არამედ ეძებ ნაპირს სად შეიძლება გამოჩნდეს, ან ეძებ იმ დინებას, რომელიც მიგიყვანს ნაპირისკენ და ერთადერთი დინება, რომელიც ნაპირისკენ მიგვიყვანს ჩვენ ეს არის მშვიდობა.
ჩვენ გვახსოვს ომის თემა როგორი დასაცინი იყო არჩევნების პერიოდში. მე დარწმუნებული ვარ იმაში რომ ოპოზიციას ომის თემა სერიოზულად რომ მიეღო უკეთესი შედეგი ექნებოდა. ჩვენ დავდეთ 2012 წელში ის შედეგი, ის პრეცედენტი, რომ რაც არ უნდა ძლიერი იყოს ხელისუფლება, რაც არ უნდა სასტიკი იყოს იმისი არჩევნებით დამარცხება შესაძლებელია. როცა გაერთიანდება არა ქვის სროლით, არა ცეცხლის სროლით არამედ მშვიდობიანი შეკრებით სიმრავლის ჩვენებით და მართლა მთელი საქართველოს დარაზმვით და გამარჯვებით. მე ვფიქრობ რომ ოპოზიციის არჩევნებში წარუმატებლობა მოჰყვა იმ გამოწვევების უგულებელყოფას, რაც ყველაზე მნიშვნელოვანი იყო მსოფლიოშიც და საქართველოშიც“, – აღნიშნა ლელა რაზიკაშვილმა.