რატი იონათამიშვილი – ISFED-ზე: როგორც ჩანს, იმდენად ეშინიათ 2024 წლის პარალელური ხმის დათვლის შედეგების საგამოძიებო უწყებისთვის მიწოდების, რომ მზად არიან, წავიდნენ სიყალბის რეციდივზე – 2020 წელს გააყალბეს და მაშინ ამაზე პასუხისმგებლობა არც მათ და არც მათ დონორს არ აუღიათ
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა, სამართლიანი არჩევნების (ISFED) მიერ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების პარალელური ხმის დათვლის შედეგების პროკურატურისთვის გადაცემის გაჭიანურება შეაფასა.
როგორც იონათამიშვილმა „ქრონიკას“ განუცხადა, ჩნდება გონივრული ეჭვი, რომ „პივიტის“ გაყალბება ამ წუთებშიც მიმდინარეობს, ვინაიდან, ISFED-მა ეს შედეგი 2020 წლის არჩევნებზეც გააყალბა და მაშინ პასუხისმგებლობა არც ორგანიზაციას და არც მის დონორს აუღია.
„ეს აჩენს გონივრულ ეჭვს, რომ ამ წუთებშიც მიმდინარეობს „პივიტის“ გაყალბება, რაც არ გაგვიკვირდება, რადგან 2020 წელს უკვე გააყალბეს და არც მათ და არც დონორს პასუხისმგებლობა მაშინ ამაზე არ აუღიათ. ახლა კი, როგორც ჩანს, იმდენად ეშინიათ 2024 წლის პივიტის თუნდაც საგამოძიებო უწყებისთვის მიწოდების, რომ მზად არიან, წავიდნენ სიყალბის რეციდივზე, თორემ, მოცულობის მომიზეზებით დროის გაჭიანურება, რა თქმა უნდა, არის უსინდისო ტყუილი და ფალსიფიკაცია“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.