„უძღები შვილის დაბრუნება“

         20 წლის წინ, როცა საქართველოში მუსიკისთვის არავის ეცალა, ბედის საძებრად ოკეანის გადაღმა, ოცნებების ქვეყანაში გადაიხვეწა… 12 წელი იშრომა თავდაუზოგავად, რომ მუსიკაში საკუთარი თავი ეპოვა… თუმცა საქართველოში დაბრუნებულმა თავი მაინც უსარგებლო დეკორაციად იგრძნო და ისევ ამერიკაში დაბრუნდა… სამშობლოს, საბოლოოდ, 3 წლის წინ დაუბრუნდა – ამჯერად საჭირო დროს, საჭირო ადგილას – ზაზა მარჯანიშვილი დღეს ყველა მიმართულებით წარმატებულია – საყვარელ საქმეს, საყვარელ ადამიანთან ერთად, სიყვარულით აკეთებს…

– მოგვიყევით, როგორ დამეგობრდით მუსიკასთან, რას უსმენდით ბავშვობაში ყველაზე დიდი გატაცებით?
– მართალი გითხრათ, მუსიკასთან დამეგობრების ამბავი არ მახსოვს, ალბათ, იმიტომ, რომ ეს ძალიან ადრეულ ასაკში მოხდა… მუსიკის მოსმენა კი “ბითლზიდან” დავიწყე და ამ ლეგენდარულმა ოთხეულმა იმხელა შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე, რომ ემოციების გარეშე ახლაც ვერ ვუსმენ მათ მუსიკას და თავსაც დღემდე „ბითლომანად“ ვთვლი.
– როდის გადაწყვიტეთ, რომ მუსიკოსი იქნებოდით და „ბითლზის“ მუსიკის გარდა რამ მოგცათ ბიძგი ?10726781_10203125210117364_1126671296_n
– რთული სათქმელია, ალბათ ბევრმა ფაქტორმა ერთად… 5 წლის ასაკიდან “ნერგებში” (ბავშვთა ანსამბლი იყო ასეთი) ვუკრავდი და მახსოვს, რაოდენ სიხარულს მგვრიდა ყოველი რეპეტიცია და კონცერტი… ალბათ, ქვეცნობიერად მაშინ ჩამომიყალიბდა აზრი, რომ მუსიკის გარდა არაფრის  კეთება არ მინდოდა…
– მუსიკის მეცადინეობა თუ გეზარებოდათ ბავშვობაში?
– საშინლად! ალბათ, ყველაზე ზარმაცი მოსწავლე ვიყავი მსოფლიოში (იცინის), თუმცა სკოლაში კარგად ვსწავლობდი.
– რა პროფესიული გზა გამოიარეთ დღემდე მოსასვლელად?
– ალბათ, ყველაზე აღსანიშნავია ის გამოცდილება, რაც სხვადასხვა ქვეყნის მუსიკოსებთან მუშაობამ და ჰოლივუდში 8 წლის განმავლობაში კინო-მუსიკის წერამ მომცა. ვმუშაობდი „gold small production”-ში, რომელიც ძალიან დიდი სტუდიაა. სამუშაო ადგილი, სადაც ყოველდღე სხვადასხვა ფილმი, სერიალი მოდის, ოღონდ ეს სერიალები არ არის ვიდეოთი გადაღებული, ეს არის გადაღებული დიდი 35 -მილიმეტრიანი ფირით, რითაც ფილმებს იღებენ, ანუ ფაქტობრივად არის ქარხანა. მუსიკალური ქარხანა. ძალიან ბევრ ფილმზე მოგვიწია მუშაობა. უფროსი თავად ჯონ გოლდ სმიტი იყო, ძალიან ცნობილი კომპოზიტორი, ჯერი გოლდსმიტის შვილი. ვმუშაობდით მე და კიდევ ერთი კომპოზიტორი. ჩვენ მოგვიწია მუშაობა ფილმზე: “Shadow of doubt”, სადაც მელანი გრიფიტი და ტომ ბერენჯერი მონაწილეობენ. ასევე ფილმებზე – „Fallen Angel“,“Telephone“ “Samuel“ და კიდევ ბევრი სხვაზე.
ძალიან ბევრ მოკლემეტრაჟიან ფილმზე ვიმუშავეთ. მუშაობის ისეთი ტემპი იყო, რომ მე დამიწერია მუსიკა რაღაც ნაწილისთვის და არ ვიცოდი, როგორ მთავრდებოდა ეს ფილმი, ანუ არც კი მინახავს.
– როდის მოვიდა წარმატება და რას ნიშნავს იგი თქვენთვის?
– წარმატებული ხარ მაშინ, როცა ღვთის წყალობით გეძლევა საშუალება, წვლილი შეიტანო ქვეყნის კულტურული ცხოვრების განვითარებაში, თუმცა წარმატებაზე ფიქრი მაშინვე იწყებს შემოქმედებით მუხრუჭს. ასე რომ, არავის ვურჩევ ამაზე ფიქრს…
– ამჟამად რაზე მუშაობთ?10719502_10203125210077363_1977590917_n
– ახლა რამდენიმე პროექტზე ვმუშაობ, თუმცა ყველაზე დიდი და აღსანიშნავი – გურამ დოჩანაშვილის “სამოსელი პირველის” მუსიკაზე მუშაობაა. ჯერ კიდევ 1994 წელს ამერიკიდან ბატონ გურამს გავუგზავნე „სამოსელი პირველის“ რამდენიმე მთავარი პერსონაჟის მუსიკალური პორტრეტები კომპოზიციების სახით და 20 წლის შემდეგ, ჩვენი შეხვედრის დროს, მან ეს გამახსენა. მე გამიჩნდა იდეა, დამეწერა მუსიკა მთელი რომანისთვის, ეს იდეა ბ-ნ გურამს მოეწონა და გადავწყვიტეთ, ინტენსიურად ჩავსხდომოდით ამ პროექტს. მე ასევე ვთხოვე რეჟისორ ლაშა ონიანს, გვერდით დამდგომოდა და დაედგა სპექტაკლი. ბ-ნი გურამი ჩვენი მთავარი კონსულტანტია, რაც ძალიან აუცილებელი და სასიამოვნოა ჩვენთვის.
– კუმირები, მუსიკოსები, რომლებმაც გავლენა მოახდინეს თქვენს შემოქმედებაზე?
– “ბითლზი”, გია ყანჩელი, ბიძინა კვერნაძე, რაველი, სტრავინსკი, დუკ ელინგტონი, ჯონ კოლტრეინი, ჯონ მაკლაფლინი, ჯო ზავინული, ჯაკო პასტორიუსი, პეტ მეთინი და მრავალი სხვა…
– სულ რამდენი ალბომი  ჩაწერეთ?
– ჩემს საკუთარ ალბომებს თუ დავთვლით, 12 გამოდის. თუმცა ამერიკაში 100-ზე მეტი ალბომის პროდიუსერი ვარ.
– რა იყო ყველაზე ძვირფასი და მნიშვნელოვანი, რაც ამერიკამ მოგცათ?
– მასწავლა სიტყვა “მოქალაქის” მნიშვნელობა, რაც, სამწუხაროდ, საქართველოში არ იციან.
– მაინც რას ნიშნავს თქვენთვის ცნება „მოქალაქე“?
– მოქალაქის პასუხისმგებლობა სიტყვებით არ გადმოიცემა, რამეთუ ის მოიცავს ადამიანის მიერ გადადგმულ ყოველ ნაბიჯს, ყოველდღე…
– რომ შეგეძლოთ, რას შეცვლიდით საქართველოში?10723508_10203125210157365_265637180_n
– მედიის ხარისხს
– მხოლოდ ამას?
– ეს თუ შეიცვალა, ჯაჭვური რეაქციით დადებითისკენ დაიწყებს შეცვლას ყველაფერი…
– ორი სიტყვით, სამომავლო გეგმებზე მოგვიყევით…
– ვმუშაობ ახალ ალბომზე, რომელსაც უახლოეს მომავალში ჩავწერ ამერიკაში. ასევე მაქვს ფილმების და სპექტაკლების მუსიკალური გაფორმების პროექტები… მოკლედ სამუშაო ბევრია, ღვთის მადლით…
– ოცნებას გაგვიმხელთ?
– შეიძლება ცოტა ლოზუნგივით ჟღერდეს, მაგრამ ჩემი ოცნება, საქართველოს არა ფიქტიური, არამედ ფაქტიური აღმშენებლობაა, ყველა მიმართულებით… სხვა დანარჩენი ოცნებები – პირადი, მხოლოდ მიზნებია რომელიც უნდა დაისახო და განახორციელო…

გიორგი მიქაძე

10721413_10203125210037362_1466984824_n

10723388_10203125209957360_775353392_n

10723554_10203125209997361_2075041943_n

10726584_10203125209917359_1905665195_n

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები