„ქართველი ქალი გამძლეა“ – რა არის ქალთა მიმართ ძალადობის მიზეზი
ოჯახისთვის თავდადებული, ოჯახის ერთგული, ქმრის მორჩილი, კდემამოსილი, პატიოსანი, წესიერი, ტრადიციების მიმდევარი, სტუმართმოყვარე, კარგი დიასახლისი, მორჩილი, დამყოლი ბუნების, დამთმობი, მომთმენი, მებრძოლი, ამტანი, ძლიერი, გამძლე, ამაყი, პრინციპული, შრომისმოყვარე, განათლებული, ლამაზი, ზედმეტად თავმდაბალი, მოსიყვარულე, თბილი, ყურადღებიანი, – ეს „ქართველი ქალისთვის“ დამახასიათებელი თვისებები და ეპითეტებია, რომლითაც ისინი საზოგადოებამ დაახასიათა.
კავკასიაში საზოგადოებრივი აზრის კვლევისა და სტრატეგიული კონსალტინგის სფეროს ლიდერი ჯგუფის – „ეი-სი-თის“ (ACT) მიერ ჩატარებული კვლევისას გამოკითხული ქართველი საზოგადოება სწორედ ასე ახასიათებს ქართველ ქალს, რომელიც ოჯახში ძალადობის ობიექტია. ბოლო პერიოდში კი ძალადობის ახალი ტენდენცია – ქალთა მკვლელოები შეინიშნება. იანვრიდან 8 თვის განმავლობაში ქალთა 14 მკვლელობა დაფიქსირდა. 2013 წელს კი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემების მიხედვით, საქართველოში დაფიქსირდა ქალთა მკვლელობის 21 შემთხვევა, მათ შორის, ქმრის მიერ ცოლის – 8, ხოლო შვილის მიერ დედის – 1 შემთხვევა.
გაეროს ერთობლივი პროგრამის „გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის საქართველოში“ ფარგლებში „აი-სე-თის“ მიერ გენდერულ თანასწორობაზე საზოგადოებრივი დამოკიდებულების შესახებ მომზადებული კვლევისას ჩატარებულმა გამოკითხვამ ნათლად აჩვენა, რომ საქართველოში ჯერ კიდევ მყარია ტრადიციული შეხედულებები. გენდერულ როლებზე კი საზოგადეოების წარმოდგენა ასეთია – ქალის ფუნქციაა შვილების მოვლა და აღზრდა, საშინაო საქმეების კეთება, ხოლო კაცის – ოჯახის ფინანსური უზრუნველყოფა.
„ქალი მაშინ ხარ და მაშინ ფასდები, როდესაც არც მეუღლე გყავს უკმაყოფილო, რომ შენ გასული ხარ, არც სტუმარი. ყველაფერსაც ვასწრებ. აი ეგ არის ქალობა. ყველაფერს უნდა გაუძღვე. ძლიერია ქალი, ნამდვილად ძლიერია ქართველი ქალი“, – ამბობს კახელი ქალბატონი „ეი-სი-თის“ გამოკითხვისას.
კვლევაში გამოკითხულთა საფუძველზე გამოტანილია დასკვნა – ქართველი ქალის ღირსებად მიიჩნევა ის, რომ იგი ოჯახზე განსაკუთრებულად ზრუნავს და, ამასთან, დატვირთულობის მიუხედავად, ყველა საქმის დროულად და კარგად მოგვარებას ახერხებს. კვლევის მონაწილეების აზრით, ქართველი ქალი ძლიერი დედობრივი ინსტინქტით გამოირჩევა და საკუთარ შვილებზე ზრუნვა მისთვის მთავარი პრიორიტეტია ცხოვრებაში.
კვლევიდან გამოტანილ დასკვნებს თან ერთვის სხვადასხვა კუთხის მკვიდრი ადამიანების ციტატები.
„ქართველი ქალები ოჯახის ქალები არიან და მათში განსაკუთრებულია დედის ინსტინქტი. როგორც საქართველოშია, მე მგონი არც ერთ ქვეყანაში ასე არ არის. თუმცა რამდენადაც დედა აქტიური და თავის შვილებზე მზრუნველია, ქმრის მიმართ საკმაოდ მორჩილია“.
მიიჩნევა, რომ ქართველი ქალი არის გამძლე, ამტანი და მომთმენი და ოჯახის შენარჩუნებისთვის მზადაა, ბევრ რამეზე დახუჭოს თვალი. ეს შეიძლება იყოს კაცის ღალატზე თვალის დახუჭვა, და, რიგ შემთხვევაში, ოჯახური ძალადობის მოთმენაც კი.
„ქართველმა ქალმა ისიც იცის, არ შეიძლება, რომ ქმარი ვიღაცასთან მიდის, მაგრამ იმასაც ამბობს, აბა, მე ოჯახი როგორ დავანგრიო, შვილებს დედა უნდა, მამა უნდაო. 99% არ დაანგრევს ოჯახს“.
გამოკითხვისას ისიც აღინიშნა, რომ ქართველი ქალი „დაჩაგრულია“, რადგან ტრადიცია მისგან მოითხოვს, ნებისმიერ ფასად შეინარჩუნოს ოჯახი. არსებობს საზოგადოებრივი წნეხი, რომელიც ქალს ოჯახის დანგრევას „ურთულებს“. ამასთან, გაშორების შემდეგ განსაკუთრებული კონტროლის ქვეშ ჰყავს და კრიტიკულად აფასებს. ზოგიერთი ქალი უძლებს ამ წნეხს და ბედავს ოჯახის დანგრევას, ზოგიერთი კი მოთმენას და მორჩილებას ამჯობინებს.
„მეუღლეს რომ დაშორდე და ოჯახი დაანგრიო, ეს სირცხვილად ითვლება“. [სამეგრელო, სოფელი, 20-35, უმაღლესი განათლება]
„მე, მაგალითად, ოჯახი დანგრეული მაქვს, ერთი გოგო მყავს, მე ჩემი ნებით წამოვედი სახლში. მშობლები რამეს თუ მეტყოდნენ, ცალკე ვიცხოვრებდი. ძალიან გამიჭირდა. მთელი თვეები ვფიქრობდი, რას იფიქრებს ჩემი ძმა, ჩემი დები, სიძეები რას იტყვიან, რომ ოჯახი დაენგრა ერთ წელიწადშიო, მაგრამ რა მექნა, ისევ ჩემი მომავლისთვის გადავწყვიტე და წამოვედი”. [სამეგრელო, სოფელი, 20-35, უმაღლესი განათლება]
„ბევრის ოჯახს აქვს კომპლექსი და ჩვენს კუთხეში ეს განსაკუთრებით ხდება. გვიანობამდე არ უნდა ვიყო გარეთ. დედაჩემი გაგიჟდება, ქმარს გაცილებული ხარ. ღირსებას მთელი ოჯახი იცავს“. [სამეგრელო, სოფელი, 20-35, უმაღლესი განათლება]
„ხშირ შემთხვევაში ქართველი ქალები დაჩაგრულებიც არიან. ძალადობის მხრივ, ბევრი ასეთი შემთხვევა ვიცი. ხშირად ტრადიციების გამო, შვილების გამო, რომ შვილები ისე არ გაიზარდონ, ძალიან ბევრ რამეს იტანენ. ამ მხრივ არ ვეთანხმები ჩვენს ტრადიციებს”. [სამეგრელო, სოფელი, 20-35, უმაღლესი განათლება]
აღსანიშნავია, რომ ქართველი ქალის მიმართ არსებული საზოგადოებრივი წნეხი, რომელიც გულისხმობს იმას, რომ იგი გაიკიცხება ოჯახის დანგრევის შემთხვევაში, შეიძლება ტრანსფორმირდეს ქალის პოზიტიურ მახასიათებლად, რომელიც გარკვეულწილად ამართლებს ქალის მიერ საკუთარი თავის გაწირვას და ბევრი რამის მოთმენას მის ღირსებად წარმოაჩენს. მსგავსი აზრთა წყობა გარკვეულწილად ბუნებრივია, რადგან ქალს სჭირდება ჯილდო იმის სანაცვლოდ/საკომპენსაციოდ, რომ იგი ასე „იტანჯება“ – ეს ჯილდო კი არის მისი როგორც მომთმენი, ამტანი, ტრადიციების მიმდევარი ქალის დახასიათება, რომლის ღირსებას წარმოადგენს ის, რომ იგი ნებისმიერ ფასად ინარჩუნებს ოჯახს, რომელიც მის ცხოვრებაში უპირველესია. ამასთან, რიგ შემთხვევაში, ქალის მსგავსი ქცევა (მოთმენა, საკუთარი თავის გაწირვა, ქმრის მორჩილება) არა მარტო ტრადიციას, არამედ რელიგიასაც უკავშირდება. მიიჩნევა, რომ ქალის მსგავსი ქცევა ქრისტიანული მორალის შესაბამისია.
“ქართველი ქალები უფრო მეტად გამძლეები არიან, ჩემი აზრით, ვიდრე საზღვარგარეთ. უფრო ამტანები არიან, მეტი სირთულის ატანა შეუძლიათ, ვიდრე უცხოელებს“. [სამეგრელო, ქალაქი, 20-35, საშუალო განათლება]
“უცხოელმა შეიძლება ელემენტარულის, თუნდაც უმუშევრობის გამო ოჯახი დაანგრიოს, ქართველ ქალებს შეგვიძლია, რომ შევინარჩუნოთ ოჯახი”. [სამეგრელო, ქალაქი, 20-35, საშუალო განათლება]
“ქრისტიანობა, რომ ცოლი უნდა იყოს ქმრის მორჩილი. ნებისმიერი ხასიათის მამაკაცი უნდა აიტანოს ქართველმა ქალმა”. [სამეგრელო, სოფელი, 20-35, უმაღლესი განათლება]
ანალიზისა და კონსულტაციის ჯგუფი „ეი-სი-თი“ ქალის მსგავს ქცევას ხსნის შემდეგი ფაქტორებით: ერთი მხრივ, არსებობს შიში, რომ იგი გახდება საზოგადოების გაკიცხვის ობიექტი, მეორე მხრივ, ქალს მიაჩნია, რომ შვილებისთვის უმჯობესია, თუ ოჯახს შეინარჩუნებს, რადგან მათ მამა სჭირდებათ. ამასთან, როგორც ტრადიცია, ისე რელიგია მას ქმრის მორჩილებისკენ და მოთმენისკენ მოუწოდებს. ბუნებრივია, ამ ფაქტორების გარდა, არსებობს ობიექტური ხელისშემშლელი გარემოებებიც: ქალი ფინანსურად მამაკაცზეა დამოკიდებული, და თუ საკუთარი ოჯახის მხრიდან არ აქვს ძლიერი ხელშეწყობა, არ აქვს შესაძლებლობა, რომ საკუთარი თავი და შვილები შეინახოს.