საქართველოს ეროვნული გმირის როსტომ მუსხელიშვილის შთამომავალმა მწერალთა სახლის მუზეუმს საჩუქრად გადასცა პაოლო იაშვილის ხელნაწერი ლექსი
საქართველოს ეროვნული გმირის როსტომ მუსხელიშვილის შთამომავალმა (შვილიშვილი) – გოგი მუსხელიშვილმა მწერალთა სახლის მუზეუმს საჩუქრად გადასცა პაოლო იაშვილის ხელნაწერი ლექსი.
„როგორც ბატონმა გოგიმ ბრძანა, პოეტმა ლექსი უძღვნა მის ბებიას – ქალბატონ ელენე ახვლედიანს.
გოგი მუსხელიშვილმა ისაუბრა თავისი წინაპრების როლზე საქართველოს ისტორიაში. კერძოდ, როსტომ მუსხელიშვილის მოღვაწეობაზე, რომელიც საქართველოს გასაბჭოების შემდეგ ემიგრაციაში არ წასულა, მსახურობდა საქართველოს წითელ არმიაში – იყო დივიზიის შტაბის უფროსი და, ამავდროულად, მოღვაწეობდა ანტისაბჭოთა იატაკქვეშა წინააღმდეგობის მოძრაობაში.
ასევე, როსტომ მუსხელიშვილს ეკუთვნოდა 1922 წლის დუშეთის მაზრის აჯანყების ცნობილი გეგმა, რომელიც მიზნად ისახავდა წითელი არმიის მთიულეთში შეტყუებას და იქ მის სრულ განადგურებას.
როსტომ მუსხელიშვილი 1923 წლის 20 მაისს საგანგებო კომისიამ დააპატიმრა და დღევანდელი ვაკის პარკის ტერიტორიაზე, სამხედრო ცენტრის სხვა 14 წევრთან ერთად, დახვრიტა ყველანაირი გამოძიება-გასამართლების გარეშე.
მასთან ერთად დახვრიტეს: ალექსანდრე ანდრონიკაშვილი, ვარდენ წულუკიძე, კონსტანტინე აფხაზი, გოგი ხიმშიაშვილი, ალექსანდრე მაჭავარიანი, ელიზბარ გულისაშვილი, დიმიტრი ჩრდილელი, სიმონ მუხრან-ბატონი, ფარნაოზ ყარალაშვილი, ლევან კლიმიაშვილი, მიხეილ ზანდუკელი, იასონ კერესელიძე, სიმონ ჭიაბრიშვილი და ივანე ქუთათელაძე.
1923 წლის 22 მაისს ქაშუეთის ტაძარში პატრიარქმა ამბროსიმ პანაშვიდი გადაიხადა 20 მაისს დახვრეტილი სულების მოსახსენებლად და ისინი ეროვნულ გმირებად გამოაცხადა“, – წერია მწერალთა სახლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. .