პროკურატურამ დავით მიქაძეს და დავით ჩუბინიძეს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ცეცხლსასროლი იარაღის მისაკუთრების მიზნით, მართლსაწინააღმდეგო დაუფლების და ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვის და გასაღების ფაქტებზე დავით მიქაძეს და დავით ჩუბინიძეს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის დასაწყისში, დავით მიქაძემ და დავით ჩუბინიძემ იცოდნენ რა, რომ დაზარალებული ვახტანგ კობიაშვილი საცხოვრებელ სახლში ცეცხლსასროლ იარაღებს ინახავდა, მათი მართლსაწინააღმდეგო დაუფლება განიზრახეს, რა მიზნითაც დავით ჩუბინიძემ დავით მიქაძესთან შეთანხმებით აიძულა ვახტანგ კობიაშვილი, მისთვის იმ სახლის გასაღები გადაეცა, სადაც იარაღებს ინახავდა, შემდეგ კი მიემართა პოლიციისთვის და განეცხადებინა, იარაღების თითქოსდა დაუდგენელი პირის მიერ ქურდობის ფაქტის შესახებ. შედეგად დავით მიქაძე და დავით ჩუბინიძე მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ ვახტანგ კობიაშვილის კუთვნილ ცეცხლსასროლ იარაღებს, კერძოდ: GLOCK – 42-ის; SIG-SAUER – P-320 COMPACT MEDIUM-ის; DANIEL DEFENSE – DDM4 PDW-ის; NAA – 22 LLR-ის და BARNOW – CORECCO მოდელის ცეცხლსასროლ იარაღებს.

ამასთან, დავით მიქაძე და დავით ჩუბინიძე იარაღების მართლსაწინააღმდეგო დაუფლების შემდეგ შეხვდნენ დაზარალებულ ვახტანგ კობიაშვილს, დაინტერესდნენ სამართალდამცავი ორგანოებისათვის მიწოდებული ინფორმაციის შინაარსით და კიდევ ერთხელ სიცოცხლის მოსპობით დაემუქრნენ იმ შემთხვევაში, თუ მათი მხრიდან იარაღების მართლსაწინააღმდეგო დაუფლების ფაქტს პოლიციას შეატყობინებდა.

დავით მიქაძემ და დავით ჩუბინიძემ მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებული ცეცხლსასროლი იარაღებიდან ერთ-ერთი, GLOCK – 42 მოდელის ცეცხლსასროლი იარაღი, დავით ღოღელიანზე გაასაღეს, რომელიც ამოღებულია მისივე საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად. დავით ღოღელიანი სამართალდამცველებმა მიმდინარე წლის 19 სექტემბერს დააკავეს. მას ბრალდება 236-ე მუხლის მესამე ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვა) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.

სამართალდამცველებმა ბრალდებული დავით ჩუბინიძე 4 ნოემბერს დააკავეს. დავით ჩუბინიძეს და სხვა საქმეზე ძებნილ დავით მიქაძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მეექვსე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვა და გასაღება, ჩადენილი ჯგუფურად) და 237-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო დაუფლება მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულ დავით ჩუბინიძისათვის აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები