ირაკლი ქადაგიშვილი: მათი პოლიტიკური ინტერესი ერთია, საქართველოსი სრულიად სხვა – მათი მიზანია საქართველოში ჰყავდეთ ისეთი ხელისუფლება, რომელიც ყველა დავალების შემსრულებელი იქნება
„ქართული ოცნების“ წევრის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, საქართველოში არსებული პროგრესი მნიშვნელოვნად აღემატება იმ შეფასებებს, რომლებიც ევროკომისიის ანგარიშშია წარმოდგენილი.
მისივე თქმით, სხვადასხვა საერთაშორისო კვლევა ადასტურებს, რომ საქართველო მრავალი მიმართულებით ლიდერია, თუმცა გეოპოლიტიკური მიზნების სხვადასხვაობის გამო, ქვეყნის რეალური მიღწევები ევროკავშირის ოფიციალურ შეფასებებში არ ისახება.
„1–2 წელია ვხედავთ, რომ ყველა კვლევა, რომელსაც საერთაშორისო, რეიტინგული და ავტორიტეტული კომპანიები ატარებენ, მათ შორის ისინიც, რომელთა დასკვნებს ეფუძნება სახელმწიფოების ან მსხვილი ინვესტორების გადაწყვეტილებები, ასევე კვლევები, რომლებიც უშუალოდ ევროკომისიის შეკვეთით კეთდება და ქვეყნდება გაფართოების მიმართულებით, ადასტურებს, რომ საქართველო რეალურად ლიდერი სახელმწიფოა. ეს ეხება მართლმსაჯულებას, ეკონომიკას, სახელმწიფო მმართველობის სისტემებს, სოციალურ პოლიტიკას და სხვა მიმართულებებს.
ეს არის ერთი მხარე – მატერიალური და რეალური მოცემულობა. მეორე მხარე კი პოლიტიკური ინტერესია. სწორედ აქ ჩნდება შეუთანხმებლობა: მათი პოლიტიკური ინტერესი ერთი არის, საქართველოსი კი – სრულიად სხვა. უფრო ფართო კონტექსტში რომ ვთქვათ, მათი მიზანია, რომ საქართველოში ჰყავდეთ ისეთი ხელისუფლება, რომელიც მთლიანობაში ყველა დავალების შემსრულებელი იქნება.
ამ გეოპოლიტიკური ბრძოლის ფონზე, საქართველომ გაბედა და თქვა, რომ ვერ გახდება დიდი ომის მონაწილე მხარე პირდაპირი გაგებით, თუმცა, რა თქმა უნდა, პოლიტიკურად ყველა გადაწყვეტილებაში იქნება სწორი და მართლზომიერი. სწორედ ეს გახდა ერთ-ერთი მთავარი გეოპოლიტიკური თემა, რასაც მოჰყვა არჩევნების შედეგებთან შესაბამისი დამოკიდებულება და ა.შ.“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.