ლევან მაჭავარიანი: დარწმუნებული ვარ, როგორც აშშ-ში გაიმარჯვა საღმა აზრმა, ისე გაიმარჯვებს ევროკავშირშიც და აღარ იქნებიან ეს ხელდასმული ბიუროკრატები, რომლებიც დღეს განსაზღვრავენ პოლიტიკას
დარწმუნებული ვარ, როგორც აშშ-ში გაიმარჯვა საღმა აზრმა, ისე გაიმარჯვებს ევროკავშირშიც და აღარ იქნებიან ეს ხელდასმული ბიუროკრატები, ვინც არიან, არარჩეულები, რომლებიც დღეს განსაზღვრავენ და აყალიბებენ ევროკავშირის პოლიტიკას, – ასე უპასუხა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა პირველი არხის ეთერში ჟურნალისტის შეკითხვას, როგორ ესახება 2030 წელს ქვეყნის გაწევრიანება, როდესაც ევროკავშირი ამ საკითხს სკეპტიკურად უყურებს.
მისი თქმით, ბევრი რაღაც შეიცვლება და მმართველი გუნდი ოპტიმისტურად არის განწყობილი.
„მე დარწმუნებული ვარ, როგორც აშშ-ში გაიმარჯვა საღმა აზრმა, ისე გაიმარჯვებს ევროკავშირშიც და აღარ იქნებიან ეს ხელდასმული ბიუროკრატები, ვინც არიან, არარჩეულები, რომლებიც დღეს განსაზღვრავენ და აყალიბებენ ევროკავშირის პოლიტიკას. ქალბატონი ფონ დერ ლაიენი რომ ბრძანდებოდა შუა აზიაში, შუა დერეფანზე საუბრობდა და საქართველო არც უხსენებია, ბატონმა ალიევმა გააკრიტიკა, რუკა არ იცის, მგონი, მაგ ქალბატონმაო. ბევრი რაღაც შეიცვლება, ჩვენ ამის მოლოდინის რეჟიმი გვაქვს, ხუთი წელია წინ და თუ არ შეიცვლება, ძალიან ბევრი პრობლემა ექნება ევროკავშირს, პირდაპირ ვთქვათ. ეს პრობლემები იქნება არამარტო ეკონომიკური პრობლემები, იქიდან გამომდინარე, რომ კი, ინერციით სიმდიდრე მოჰყვება ევროკავშირს, მაგრამ 2008 წელს მსოფლიო ეკონომიკაში 30 პროცენტი რომ იყო მისი წილი, დღეს არის 17,5 პროცენტი. არის იდენტობის პრობლემაც. ბატონმა კობახიძემ რომ თქვა, მერე კუდი მოაბეს ამას, რანაირად თქვაო და მან ფაქტის კონსტატაცია მოახდინა, კვლევები აჩვენებს ამას, რომ ბრიტანეთიდან დაწყებული, ძალიან მრავალი ქვეყანა არის ევროპაში, სადაც დღეს ყველაზე პოპულარული სახელია მუჰამედი. მე რამეს კი არ ვერჩი. მშვენიერი სახელია მუჰამედი. ამ შემთხვევაში იდენტობის პრობლემაზე არის საუბარი. ეს უკონტროლო მიგრაცია რომ არის არალეგალური, ის ლგბტ თემები და ჩვენ გვსაყვედურობენ, რატომ მიიღეს ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ კანონი, როდესაც ეს გამოგონილი თემა არისო. არადა, 2026-2030 წლების სტრატეგია ახლა დაამტკიცეს, სადაც პირდაპირ ასახულია ის, რომ არასრულწლოვან ბავშვებს უნდა ჰქონდეთ უფლება, მშობლების ნებართვის გარეშე გადაიკეთონ სქესი. ასეთ მარაზმში არიან გადასული და თუ ევროპელი ხალხი ვერ გამოიღვიძებს და ამათ ხელში იქნება ევროკავშირი, მაშინ არ მგონია, ნათელი მომავალი ჰქონდეს ევროკავშირს, თუმცა, ჩვენ ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ ბევრი რაღაც შეიცვლება და ეს ევრობიუროკრატებიც შეიცვლებიან, დღეს არიან და ხვალ აღარ იქნებიან. ჩვენ ძალიან ოპტიმისტურად ვართ განწყობილი“, – განაცხადა მაჭავარიანმა.