გერმანიაში ექთანს პაციენტების მკვლელობისთვის სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს

დასავლეთ გერმანიაში, აახენის რეგიონულმა სასამართლომ ექთანს, რომელმაც პაციენტებს სასიკვდილო ინექციები გაუკეთა, სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა.

„სასამართლომ ექთანს ათი პაციენტის მკვლელობისა და 27-ის მკვლელობის მცდელობისთვის სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. სასამართლომ იგი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულში დამნაშავედ ცნო, რაც 15 წლის შემდეგ მისი გათავისუფლების შესაძლებლობას გამორიცხავს“, – ნათქვამია განცხადებაში.

როგორც ცნობილია, ექთანმა დანაშაული 2023 წლის დეკემბრიდან 2024 წლის მაისამდე პერიოდში, აახენის მახლობლად, ვიურსელენის კლინიკაში ჩაიდინა. ის მძიმედ დაავადებულ პაციენტებს ნებაყოფლობით დამამშვიდებლებს აძლევდა, რათა „ისინი დაემშვიდებინა“ და ამით ღამის ცვლაში მუშაობა გაეადვილებინა.

სასამართლო პროცესის დროს ექთანმა მის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებები უარყო და განაცხადა, რომ პაციენტებს წამლებს მათი სიცოცხლის ხანგრძლივობის შესამცირებლად არ აძლევდა.

სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები არ გამორიცხავენ, რომ ექთანს წარსულში შესაძლოა სხვა დანაშაულიც ჰქონდეს ჩადენილი. ამჟამად, ისინი მისი სამედიცინო კარიერის განმავლობაში რამდენიმე სხვა საეჭვო ინციდენტსაც იძიებენ. ვრცელდება ინფორმაცია, რომ აახენის პროკურატურა, სავარაუდოდ, მსჯავრდებულს დამატებით ბრალდებებს წაუყენებს.

ამასთან, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ექთნის მსხვერპლნი იყვნენ არა მხოლოდ ტერმინალურად დაავადებული ადამიანები, არამედ ის პაციენტებიც, რომლებიც უკვე გამოჯანმრთელების პროცესში იყვნენ და გაწერისთვის ემზადებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები