ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი მე-3 საერთაშორისო კონფერენციას – „ტაო-კლარჯეთი“ ჩაატარებს

17–21 ოქტომბერს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი მე-3 საერთაშორისო კონფერენციას: „ტაო-კლარჯეთი“ ჩაატარებს. კონფერენცია სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერია“ – ში 17 ოქტომბერს, 10:00 საათზე გაიხსნება. წელს კონფერენციაზე მონაწილეობას მიიღებს 80 მეცნიერი, რომელთაგან 30-მდე უცხოელია. სამუშაო ენებია: ქართული, ინგლისური და თურქული. იმუშავებს შემდეგი სექციები: ისტორია / წყაროთმცოდნეობა / არქივთმცოდნეობა , ხელოვნების ისტორია, ფილოლოგია / კოდიკოლოგია / ტექსტოლოგია , ენათმეცნიერება, ეთნოლოგია / არქეოლოგია, რესტავრაცია-კონსერვაცია ტურიზმი და კულტურული მემკვიდრეობის მენეჯმენტი, გეოგრაფია. ისტორიული ტაო–კლარჯეთისადმი მეცნიერული ინტერესი განპირობებულია რეგიონის მდიდარი ისტორიით და იმ კულტურული მნიშვნელობით, რომლითაც მან ადრეულ შუა საუკუნეებში თავისი ადგილი დაიმკვიდრა ქრისტიანული აღმოსავლეთის გამორჩეულ კერებს შორის. ტაო-კლარჯეთის მეცნიერული შესწავლა, ძირითადად, ეფუძნებოდა მცირერიცხოვან საისტორიო წერილობით წყაროებს, აქაურ მონასტრებში გადაწერილ ხელნაწერთა მონაცემებსა და სულ რამდენიმე სამეცნიერო ექსპედიციის მასალებს, რომელთა მოწყობა XIX საუკუნის 70-იანი წლებიდან XX საუკუნის ბოლომდე მოხერხდა. უკანასკნელი ორი ათეული წლის მანძილზე ტაო-კლარჯეთი ფართოდ გაიხსნა მკვლევართათვის და ტურისტებისთვის. ამ პერიოდში ორგანიზებული სამეცნიერო ექსპედიციების შედეგად შესაძლებელი გახდა ცნობილი ისტორიული ძეგლების თანამედროვე მდგომარეობის დაფიქსირება, კულტურული მემკვიდრეობის უცნობი ძეგლების გამოვლენა, ეპიგრაფიკული, ეთნოგრაფიული, ფოლკლორული, დემოგრაფიული მასალის შეგროვება. ახალმა რეალობებმა დღის წესრიგში დააყენა ტაო-კლარჯეთის კომპლექსური შესწავლა ქართველ, თურქ და უცხოელ მკვლევართა ფართო მონაწილეობით; ერთობლივი საერთაშორისო პროექტების დაგეგმვა და განხორციელება; ტაო-კლარჯეთის კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაცია; ახალი კაშხლების მშენებლობათა ზონაში მოხვედრილი რაიონების შესწავლა. ამ მიზნებს ემსახურება საერთაშორისო კონფერენცია „ტაო-კლარჯეთი“, რომელსაც ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი 2010 წლიდან ატარებს. კონფერენციის ფინანსური მხარდამჭერები არიან: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, თბილისის მერიის კულტურულ ღონისძიებათა ცენტრი, ტურიზმის ეროვნული სააგენტო და ღვინის კომპანია: „შუხმან ვაინს ჯორჯია’’.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები