„ულტრათანამედროვე სამყარო“ მოძრაობის თეატრში – თეატრი 14 წლისაა
მოძრაობის თეატრს 8 ოქტომბერს 14 წელი შეუსრულდა. კახა ბაკურაძის თეატრში იუბილე გუშინ აღინიშნა, საინფორმაციო-ანალიტიკური პორტალი „კვირა“ კი მოძრაობის თეატრის საიუბილეო ღონისძიების საინფორმაციო მხარდამჭერია.
იუბილის აღსანიშნავად მიწვეული სტუმრებისთვის მოძრაობის თეატრის მსახიობებმა სპექტაკლი „ინტრო“ ითამაშეს. დაპატიჟებულმა სტუმრებმა სპექტაკლის ნახვის შემდეგ სიურპრიზებით დატვირთული სასიამოვნო საღამო გაატარეს. მიწვეულ სტუმრებს შორის საზოგადოებისთვის ცნობილი სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები იმყოფებოდნენ, მათ შორის – მომღერალი სალომე კორკოტაშვილი და ჟურნალისტი ნუგზარ რუხაძე. მომღერალმა თეატრს იუბილე საკუთარი შემოქმედებით მიულოცა. მან გამოთქვა სურვილი, რომ მოძრაობის თეატრი ქვეყნის ფარგლებს გარეთაც ცნობილი გახდეს.
„ვულოცავ დაბადების დღეს მოძრაობის თეატრს. ძალიან მომეწონა აქაურობა. მგონია, რომ ასეთი ცნობილები არა მარტო საქართველოში, არამედ უნდა იყვნენ ევროპაში, ამერიკაში, სადაც გავწვდებით, იქ წარდგნენ. მე ყოველთვის მოძრაობის თეატრის გვერდზე ვიქნები. როგორც შემიძლია, ისე მივულოცავ დაბადების დღეს ყოველ წელს. მინდა, რომ მასშტაბური იყოს ეს ყველაფერი“, – განაცხადა კორკოტაშვილმა „კვირასთან“ საუბრისას.
ჟურნალისტმა ნუგზარ რუხაძემ კი აღნიშნა, რომ სრულიად მოულოდნელად ულტრათანამედროვე სამყაროში აღმოჩნდა. მისი თქმით, საქართველო, თბილისი ამოუცნობია, შესაძლებლობები უკიდეგანო, ხოლო როდესაც ხელოვნების ნიმუშებს უყურებს, უკვირს, რატომ არ შეგვიძლია ყველაფერში ასეთი ულტრათანამედროვე ვიყოთ.
„მსგავსი არაფერი მინახავს. ცხადია, ძალიან გაკვირვებული ვარ. დიდი გატაცებით ვუსმენდი და ვუყურებდი ყველაფერს. თბილისი და საქართველო რაღაც ამოუცნობია. იმდენად არაჩვეულებრივი და ჭრელია ყველაფერი, სრულიად მოულოდნელად აღმოვჩნდი ულტრათანამედროვე სამყაროში, როგორც გარემოთი, ისე სცენით. შესაძლებლობები უკედეგანოა, იმდენად შეგვიძლია ყველაფრის ფერხულში ვიყოთ. როდესაც ხელოვნების ასეთ ნიმუშებს ვადარებ ჩვენი ცხოვრების დანარჩენ ნაწილს და მხარეს, მიკვირს რატომ არ შეგვიძლია, ასეთი ულტრათანამედროვე ვიყოთ ყველაფერში“, – აღნიშნა რუხაძემ.