„მიზანი, რომელიც გვზრდის“ – ანა ურუშაძის გარდასახვა და პროფესიული ექსპერიმენტები
სხვას რომ დააჯერო სასწაული, თავადაც უნდა იყო ამ სასწაულის ნაწილი. ასე სჯერა უკვე წლებია ახალგაზრდა, აქტიურ პედაგოგს, რომელსაც სიახლეების არ ეშინია. წლების წინ გადმობარგდა დიდი ჟურნალისტიკიდან საგანმანათლებლო სფეროში და არასდროს ამბობს უარს ექსპერიმენტებზე. ბევრი სირთულისა და დაბრკოლების მიუხედავად, საკუთარი თავის ძიებაში საყვარელი საქმე იპოვა და დღეს ასობით გულანთებულ მოზარდს სამოქალაქო განათლებას და კიდევ უფრო მეტს, საკუთარი თავის და ცხოვრების სიყვარულს ასწავლის.
ანა ურუშაძე 29 წლისაა, პროფესიით მასობრივი კომუნიკაციების მაგისტრი და ჟურნალისტი. უკვე მეექვსე წელია, თბილისის 133-ე საჯარო სკოლაში პედაგოგად მუშაობს და მომავალი თაობის აღზრდის უმნიშვნელოვანეს საქმეში იღებს მონაწილეობას. ის კარგად აცნობიერებს ამ პროფესიის მნიშვნელობას და ზუსტად იცის, რომ იქ, სადაც ახლა იმყოფება – სწორია, სწორადაა და სწორი ადამიანებისთვისაა.
ბავშვობიდან მოყოლებული ანა მოყვარული მწერალია. სკოლის ასაკიდან წერს სიყვარულით და ემოციებით გაჯერებულ ჩანახატებს, ნოველებს, რომლებსაც ყველაზე ახლობელ ადამიანებს უზიარებს. გამოწვევებისა და სიახლეების მოყვარული ენერგიული პედაგოგი მოსწავლეებს შთააგონებს და ხშირად უმეორებს, რომ ყველაფერი – რისიც გვჯერა, მიღწევადია. 2025 წელი ახალი მიზნით დაიწყო – მიზნით, რომელიც ზრდის და კიდევ უფრო უკეთესს ხდის მას. ანა პედაგოგიური საქმის სირთულეებზე, ახალ მიზნებსა და სამომავლო გეგმებზე გვესაუბრა.
– გვესაუბრეთ თქვენს პედაგოგიურ პრაქტიკასა და მთავარ მიზნებზე, რასაც – როგორც მასწავლებელი – ისახავთ.
ხშირად, როდესაც მეკითხებიან – რა მინდოდა სკოლაში ან რატომ ავიღე ჩემს თავზე ამდენად დიდი პასუხისმგებლობა, ვიხსენებ ჩემთვის გამორჩეულად საყვარელი წიგნიდან „კლდის პირას, ჭვავის ყანაში „ ამონარიდს. ფინალში პერსონაჟი თავს წარმოიდგენს კლდის პირას, სადაც დგას ხელებგაშლილი და ყველას, ვინც უფსკრულისკენ მიექანება, აკავებს, აჩერებს და სიცოცხლის მიზეზს უბრუნებს. ის გზააბნეულ მოზარდებს კლდიდან გადაჩეხვაში უშლის ხელს და სწორ მიმართულებას უჩვენებს. მეექვსე წელია, მქვია პედაგოგი და თავს ზუსტად ასე ვგრძნობ, წელში გამართული, მყარად ვდგავარ ცხოვრებისეული კლდის პირას და მოზარდებს სავალ გზას ვუმსუბუქებ, ხელს ვუწვდი სამეგობროდ, მხარდასაჭერად და კიდევ ერთხელ ვუმეორებ სიტყვებს, რომელიც, ვფიქრობ, რაღაც ეტაპზე, ყველა ჩვენგანს გვჭირდება, რომ გავიგოთ – მე მჯერა შენი!
ასე ვიწყებ ჩემს თითოეულ მოსწავლესთან ურთიერთობას, ვცდილობ, მათ შთავაგონო და საკუთარი თავი ზუსტად ისეთი დავანახო, როგორსაც მათ მე ვხედავ. ამ თაობაზე დიდ იმედებს ვამყარებ და ვიცი, რომ მათ ბევრი რამ გამოუვათ. მთავარია, ჩვენ მათ დავანახოთ თანადგომა და გავუგოთ, რადგან ჩვენგან ისინი სხვას არაფერს ელიან. წლების შემდეგ მათ შეიძლება, არ ახსოვდეთ ქიმიური ფორმულა ან სამოქალაქოში ნასწავლი კანონი, მაგრამ აუცილებლად ემახსოვრებათ ჩვენი უპირობო რწმენა და თანადგომა, რამაც ისინი უკეთეს ადამიანებად აქცია.
– გარდა პედაგოგიური საქმიანობისა, წერით ხართ გატაცებული. რას ნიშნავს თქვენთვის წერა?
ჩემი რომანის გმირს რომ ჰკითხოთ, წერა ის იმუნიტეტია, რომელსაც ადამიანები ფარად ვიხვევთ და უინტერესო რეალობიდან თავის დასაღწევად ვიყენებთ. მეც მსგავსად ვფიქრობ, წერა – ეს არის საოცარი შეგრძნება თავისუფლების და რაღაც კიდევ უფრო დიდებულის. ის, რომ შეგიძლია, იყო შემოქმედი, შექმნა და ამით მარადიულად აქციო, გაყინო და დროს უსახსოვრო შენი ფიქრები და ემოციები. ავტორობა უკვე თავისთავად არის სასწაული და ბედნიერი ვარ, რომ ამ სასწაულის მცირედ, თუნდაც ძალიან პატარა ნაწილი ვარ, უკვე წლებია. წერა გაქცევს სამყაროში ყველაზე ძლიერ ადამიანად, აქ შეგიძლია – შექმნა ზუსტად ის სამყარო და ისეთი ადამიანები, როგორიც სულ გინდოდა, რომ შენ გვერდით ყოფილიყო. წერა საშუალებაა, ეს ის ვარდისფერი სათვალეა, რომლის მოხსნაზეც შეგნებულად ვთქვი უარი და ცხოვრება დუელშიც გამოვიწვიე ამ სითავხედით. ვფიქრობ, მწერლობა და წერის სიყვარული სწავლების პროცესშიც მეხმარება. შემოქმედებითი და კრეატიული მიდგომა ისაა, რასაც ითხოვს 21-ე საუკუნის მოსწავლე.
– 2025 წელი ახალი გამოწვევით დაიწყეთ. მნიშვნელოვან ლიტერატურულ კონკურსში იღებთ მონაწილეობას. „გახდი ბესტსელერის ავტორი” – რატომ გადაწყვიტეთ ამ კონკურსში ჩართვა და რა მოლოდინები გაქვთ ?
უკვე დიდი ხანია, ვიცი “პალიტრა ლ”-ის ამ საინტერესო კონკურსის შესახებ, რომელიც დამწყებ და მოყვარულ მწერლებს საშუალებას აძლევს,მ მიზანი აქციოს რეალობად, კონკურსის წესების მიხედვით ვლინდება ხალხის და ჟიურის რჩეული. მათი ნამუშევრები იბეჭდება და ფართო აუდიტორიას მათი გაცნობის საშუალება ეძლევა.
სიმართლეს ვიტყვი, საკმაოდ ამბიციური ადამიანი ვარ. ნამდვილად ვერ მოგატყუებთ, რომ არ მიფიქრია საკუთარი წიგნის დაბეჭდვაზე. უკვე წლებია, ეს აზრი მიტრიალებს, თუმცა, თავიდან ზედმეტ სითავხედედ მიმაჩნდა ამაზე ფიქრიც კი. დროთა განმავლობაში ავტორ ანასთან ერთად ჩემი ნაწარმოების გმირებიც გაიზარდნენ და ჩამოყალიბდნენ, დღეს კი ვფიქრობ, რომ 29 წლის ავტორი ანა და მისი საინტერესო პერსონაჟები იმსახურებენ, მათ ფართო აუდიტორია იცნობდეს.
თავმდაბლობით ნაკლებად გამოვირჩევი, მით უფრო მაშინ, როდესაც ძალიან კარგად ვიცნობ საკუთარ თავს და შესაძლებლობებს. ამ ეტაპზე თამამად შემიძლია, ვთქვა, რომ, როგორც მწერალი, მზად ვარ, გავეცნო მკითხველს. მე ამ მნიშვნელოვანი შეხვედრისთვის მზად ვარ და ამისთვის ხალხის მხარდაჭერა მჭირდება.
დიდხნიანი ფიქრის შემდეგ, ჩემი მოსწავლეების დაჟინებული თხოვნით გავრისკე, გადავდგი ნაბიჯი და მე აქ ვარ, მე ახლა აქ ვარ და ვიბრძვი გამარჯვებისთვის. უფრო მთავარი, საკუთარი მიზნების რეალობად ქცევისთვის ვიბრძვი. მაშინ, როცა ჩვენს მოსწავლეებს ჩვენი სჯერა, როცა ისინი ჩვენგან ელიან, უბრალოდ უფლება არ გვაქვს, იმედები გავუცრუოთ. მეც მინდა, ვიქცე ნიმუშად და კიდევ ერთხელ ვაჩვენო ჩემს აღსაზრდელებს, რომ ის, რაც გულით გვსურს, მიღწევადია. სამყარო ბუმერანგია, კოსმოსში გაშვებული სიყვარული და თანადგომა კი უკვალოდ არასდროს ქრება.
მოლოდინი ძალიან დადებითი მაქვს, უკვე კვირაზე მეტია – ჯადოსნურ სამყაროში ვცხოვრობ. ნაცნობი თუ უცნობი, ყველა საოცარ მხარდაჭერას გამოხატავს და ვარ უზომოდ ამაყი და ცრემლებამდე ბედნიერი, რომ ეს სასწაული დავიმსახურე. როგორი შედეგითაც უნდა დასრულდეს ეს კონკურსი, მთავარს მივხვდი. ჩემი ადამიანების დამსახურებით მე უკვე ვარ ჩემს ცხოვრებაში ყველაზე ემოციური ბესტსელერის ავტორი. და კიდევ რასაც მივხვდი, არის ის, რომ 2025 წლის ბოლომდე ანას აუცილებლად ექნება საკუთარი წიგნის პრეზენტაცია.
–ორიოდე სიტყვით გვიამბეთ თქვენს წიგნზე. რას უნდა ელოდოს მკითხველი ან რატომ უნდა დაგიჭიროთ საზოგადოებამ მხარი ამ წამოწყებაში ?
ჩემი კრებული სამ მოთხრობას აერთიანებს. ბავშვობიდან უცნაური ახირება დამჩემდა, როგორც მწერალს. ჩემს თითქმის ყველა პერსონაჟს ანა ჰქვია, უმეტესი მათგანი ჟურნალისტია ან პედაგოგი და ყველა მათგანი რიგითი მოკვდავია, ჩვეულებრივი ადამიანი ჩვენ მსგავსად. მუდმივად მაწუხებს პროტესტი, რომ წიგნებს მხოლოდ გმირებს უძღვნიან, უშეცდომო და სადღაც, მაღლა პედასტალზე მყოფ ადამიანებს. მე კიდევ ვწერ ჩვეულებრივ მოკვდავებზე, ადამიანებზე, რომლებსაც ეშლებათ, ეშინიათ, გარბიან, ეცემიან, მაგრამ მთავარს არ კარგავენ- ადამიანობას. ზუსტად იმიტომ, რომ ჩვენ ცხოვრების ამ უსწორმასწორო და უსაშველოდ დიდ გზებზე ყოველგვარი გზამკვლევის გარეშე დავდივართ, უკვე ვიმსახურებთ გმირის წოდებას. დიახ, მე თუ მკითხავთ ჩვენ ყველა ვართ გმირები, ადამიანები ადამიანური ცხოვრებით, ადამიანური სისუსტეებით და ადამიანური დილემებით.
ჩემთვის გამორჩეული მოთხრობის გმირზე გიამბობთ. ანნა ყოფილი სამხედრო ჟურნალისტი ქალია, რომელიც კონფლიქტის ზონაში მუშაობს დ საბეჭდი მანქანის დახმარებით მსოფლიოს უზიარებს სიმართლეს. ის ქალია, სუსტი გალეული სხეულით ატარებს ტონობით ტკივილს, ეშინია, მაგრამ არასდროს იხევს უკან. მძიმე ბავშვობამ და ომისგან მიყენებულმა ჭრილობებმა ანნა ცინიკოს არსებად აქცია, თუმცა, ერთი საბედისწერო შემთხვევა ძირფესვიანად ცვლის მის ცხოვრებას. ანნას ფეხის ტრავმა ეტლს მიაჯაჭვებს, საშუალო ასაკის ქალს კი ყველაზე მეტად წერის პარალიზება აშინებს. და რა უცნაურია, არა, ორი ომის გადატანისა და პარალიზების შემდეგ, ყველაზე მეტად გულს დახავსებული საბეჭდი მანქანის დანახვა რომ უჩქარებს? ეს არის ამბავი სუსტ ადამიანებზე, მცდარ ადამიანებსა და მათ ადამიანურ შეცდომებზე, ეს არის ამბავი დილემებზე და მაგრამ-ზე, რადგან ჩემი ლექტორისთვის რომ გეკითხათ, არცერთი წინადადების დაწყება არ ღირს, რომელიც მაგრამ-ით გრძელდება. მე სხვანაირად ვფიქრობ, ეს ჩვენი ცხოვრებაა დიდი მდელო – მაგრამ-იდან მაგრამ-ამდე და ჩვენ ამ გზებზე სიარულში საკუთარ თავს ვპოულობთ.
–და მაინც, არსებობს მხოლოდ გამარჯვება , თუ …. ?
ეს კითხვა 16 წლის ანასთვის რომ დაგესვათ, რომელიც მიჩვეული იყო ლიტერატურულ კონკურსებსა თუ ოლიმპიადებში გამარჯვებას, კატეგორიულ პასუხს მიიღებდით. მხოლოდ გამარჯვება და არაფერი მის გარდა!
29 წლის ანა ამ კითხვაზე ასე გიპასუხებთ, ან ვიმარჯვებთ, ან ვსწავლობთ. ჯერ არაფერი დასრულებულა და ბოლო მომენტამდე ვაპირებ ჩემი სიყვარულით აკინძული სტრიქონებისა და ჩემი მოსწავლეებისთვის მიცემული სიტყვისთვის ბრძოლას, თუმცა, რა შედეგიც უნდა იყოს ბოლოს, რეიტინგული სია რასაც უნდა აჩვენებდეს, ამ პერიოდმა ბევრი რამ მაგრძნობინა, საოცრად ბევრი რამ მასწავლა. ჩვენ ადამიანები ვართ ერთმანეთით და ერთმანეთისთვის. თითოეული სიტყვა, კომენტარი, გაზიარება, მხარდასაჭერად მიღებული რეპლიკა თუ შეტყობინება მთელი ცხოვრება გამყვება საგზლად და კიდევ ერთხელ დამარწმუნებს, რომ ადამიანები ვღირვართ. ცხოვრება ბუმერანგია, ჩვენ კი ვღირვართ! დიახ, და ხომ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რამ, რაც ახლა უკვე ზუსტად ვიცი – ანა ურუშაძის წიგნი დაიბეჭდება და მას მკითხველი აუცილებლად ახლოს გაიცნობს.