“საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად, უნგრეთში უმაღლესი დონის შეხვედრებს გამართავს” – ლევან მახაშვილი
“საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად, უნგრეთში უმაღლესი დონის შეხვედრებს გამართავს”, – ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, ლევან მახაშვილი აცხადებს.
“საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად, უნგრეთში გამართავს უმაღლესი დონის შეხვედრებს. ეს იქნება, როგორც საკანონმდებლო მიმართულებით, პარლამენტის თავმჯდომარესთან, ასევე უნგრეთის პრემიერ-მინისტრთან ვიქტორ ორბანთან და უნგრეთის პრეზიდენტთან. ამ ვიზიტის ფარგლებში, ჩვენ ხელს მოვაწერთ პარლამენტებს შორის პარტნიორობის შეთანხმებას, რაც დაგვეხმარება საქართველოს ევროპაში ინტეგრაციის გზაზე, საქართველოს პარლამენტმა მიიღოს ძალიან ნაყოფიერი, სასარგებლო ინფორმაცია იმაზე თუ რა და როგორ შეიძლება ჩვენი ევროპაში ინტეგრაციის გზა იყოს წარმატებული. გარდა ამისა, ამ ვიზიტს აქვს გეოპოლიტიკური დატვირთვა იქიდან გამომდინარე, თუ რა გეოპოლიტიკური ცვლილებები მიმდინარეობს დღეს მსოფლიოში. ასევე, იქიდან გამომდინარე თუ რა როლი აქვს უნგრეთს ამერიკასთან თანამშრომლობის კუთხით, ნატოსთან და ევროკავშირში რა მნიშვნელობა აქვს უნგრეთს და რა წონა აქვს მას გადაწყვეტილების მიღების პროცესში. რა თქმა უნდა, ჩვენთვის მნიშვნელოვანი იქნება ეს ვიზიტი ამ მხრივაც. უნგრეთს პრემიერ-მინისტრთან გვექნება საუბრები თუ რა მოლოდინები აქვს მას ამ ცვლილებებთან დაკავშირებით, სად შეიძლება, რომ საქართველომ და უნგრეთმა ითანამშრომლოს იმისთვის, რომ საქართველო და უნგრეთი ამ გეოპოლიტიკური ცვლილებებიდან გამოვიდეს წარმატებული”, – აღნიშნავს მახაშვილი.