შალვა ნათელაშვილი: საპარლამენტო არჩევნების შედეგების მიხედვით, „ნაცებმაც“, ხაზარაძემაც, გახარიამაც აიღეს დაფინანსება და ეს ნიშნავს, რომ აღიარებ საპარლამენტო არჩევნების შედეგს
„ლეიბორისტული პარტიის“ საქმიანობის 90% არა მარტო ქართული პოლიტიკის, არამედ მსოფლიო პოლიტიკის რადარებზე უკვე 30 წელია და სანქცირების პროცესი, რაც ახლა დაიწყო ივანიშვილის და მისი რეჟიმის მიმართ, ჩვენ მიერ არის საძირკველ ჩაყრილი, – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა საქართველოს პირველი არხის ეთერში განაცხადა.
„ამაზე ახლა არავინ დავობს, კონგრესის ოქმებშია შეტანილი ჯო უილსონის მიერ 4 ივნისს ჰელსინკის კომისიის სხდომაზე, რომ „ლეიბორისტული პარტიის“ დაწყებულია ეს სანქცირება. ანუ, ის, რასაც ჩვენ ვითხოვდით თავის დროზე და არავის სერიოზულად არ მიაჩნდა, დღეს გახდა მსოფლიო გეოპოლიტიკის საფუძველი. ამ ფონზე, ჩვენი საქმიანობის 10% რომ შუქდება საზოგადოებრივ არხზე, რომელიც ვალდებულია, აშუქებდეს წამყვანი პოლიტიკური სუბიექტების 50%-ს, რა თქმა უნდა, არ მოგვწონს“, – აღნიშნა ნათელაშვილმა.
წამყვანის შეკითხვაზე, რამდენად თანმიმდევრულია „ლეიბორისტული პარტია“ იმ ფონზე, როცა პირადად ის ძალიან მწვავედ აკრიტიკებდა ოპოზიციის წარმომადგენლებს, რომლებიც შემდგომში ფანჩატურში მიიწვია, შალვა ნათელაშვილმა განაცხადა, რომ სწორადაც იქცეოდა, რადგან ბოლოს გამოჩნდა, ისინი მისი ფანჩატურიდან გაიქცნენ, პარლამენტში შევარდნენ, ივანიშვილს არსებობა გაუხანგრძლივეს და ამის მოცილება მთელი მსოფლიოს პრობლემად გადაიქცა.
„ახლაც, ამ პარტიებმა, რომლებიც მაშინ პარლამენტში გაიქცნენ, აიღეს დაფინანსება საპარლამენტო არჩევნების შედეგების მიხედვით, ნაცებმაც, ხაზარაძემაც, გახარიამაც და დაფინანსების აღება ნიშნავს, რომ შენ აღიარებ საპარლამენტო არჩევნების შედეგს“, – განაცხადა ნათელაშვილმა.