მოლოდინები გვაქვს, რა თქმა უნდა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან ჩვენი ურთიერთობები გადაიტვირთება. მინდა შეგახსენოთ, რომ პირველი პრეზიდენტობის პერიოდში, 2017-2021 წლებში, ჩვენ ძალიან კარგი ურთიერთობა გვქონდა პრეზიდენტ ტრამპის იმ ადმინისტრაციასთან, – ამის შესახებ დიპლომატმა, პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ზურაბ აბაშიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
მისი თქმით, ძალიან კარგი თანამშრომლობა, იყო განსაკუთრებით უსაფრთხოების სფეროში.
„კერძოდ, ავღანეთთან დაკავშირებით მაშინ სერიოზული ერთობლივი პროექტები იყო, ჩვენი ბიჭები იქ მსახურობდნენ და ამერიკის შეერთებული შტატები ამას ძალიან აფასებდა. ვიმედოვნებთ, რომ ტრამპის ადმინისტრაციაში და პირადად პრეზიდენტ ტრამპსაც, ეს კარგად უნდა ახსოვდეს.
სხვათა შორის, იმ პერიოდში, როდესაც ტრამპი პრეზიდენტი იყო, არცერთი ომი, ან რაღაც დიდი სამხედრო კამპანია ამერიკის შეერთებულ შტატებს არ წამოუწყია. აქ საუბარი იყო, ჩემამდე, ეს გლობალიზმის, ეს მესიანური მიდგომის პოლიტიკა რომ უნდა შეიცვალოს, ამის შესახებ ტრამპმა უკვე განაცხადა. მის მაგივრად აუცილებლად პოლიტიკაში დამკვიდრდება რეალიზმი, საღი აზრი. ეს ცალკე თემაა პოლიტიკაში რეალიზმი რას წარმოადგენს, ამაზეც შეიძლება როდისმე ვისაუბროთ. ყოველ შემთხვევაში, არის მოლოდინი იმის აშკარად, რომ საერთაშორისო პოლიტიკა გახდება უფრო პრაგმატული, ნაკლებად ამბიციური, რომ დიდი ქვეყნები აუცილებლად უნდა კარნახობდნენ მცირე ქვეყნებს, თუ როგორ უნდა მოიქცნენ, რა უნდა გააკეთონ და როგორ უნდა იცხოვრონ. ეს, რა თქმა უნდა, ჩვენს ინტერესებში აშკარად არის. აი, ამ ფუნდამენტზე, ასეთ პლატფორმაზე, ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გადატვირთვა“, – აღნიშნა ზურაბ აბაშიძემ.