შალვა პაპუაშვილი: როცა მორალური პიედესტალიდან საუბრობენ, ჩაატარონ მარში – თქვან ვისი მხარდამჭერები არიან და როგორც კი იტყვიან, რომ თურმე სააკაშვილს, ხაზარაძეს, გვარამიას მისცეს ხმას, გამოჩნდება სად არის მათი მორალური კომპასი

ჩვენ ვხედავთ ოპოზიციის მხარდამჭერების მოქალაქეთა ჯგუფს, რომლებიც არჩევნების შედეგებით იმედგაცრუებულები არიან. ვნახეთ 27 ოქტომბერს ადამიანები, რომლებიც დეპრესიაში იყვნენ ჩავარდნილები; იმდენად მიუღებელი აღმოჩნდა ამ ადამიანებისთვის დემოკრატია, იმდენად მიუღებელი აღმოჩნდა ის, რომ მათი „ფეისბუქ“ ბაბლის გადასაწყვეტი არ არის ხელისუფლება ვისი უნდა იყოს, არამედ ხალხის გადასაწყვეტია, რომ ლამის დეპრესიულ მდგომარეობაში იყვნენ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

პაპუაშვილი მოუწოდებს იმ ადამიანებს, რომლებიც „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს მორალური პიედესტალიდან ელაპარაკებიან და სხვადასხვა მარშში იღებენ მონაწილეობას, ღიად თქვან, ვის, რომელ პარტიას უჭერენ მხარს. მისი თქმით, სწორედ ამ შემთხვევაში გამოჩნდება „სად არის მათი მორალური კომპასი“.

ერთ რამეს ვეტყოდი მოქალაქეთა იმ ჯგუფს, რომელიც ოპოზიციასთან ერთად დაკავებულია ამ სახით პროტესტის გამოხატვის – რატომ არ ჩატარდა არცერთი მარში პოლიტიკური მხარდაჭერის მხრივ? ვის მისცეს ხმა, ხომ ამბობენ, რომ ხმა წაგვართვესო, რატომ მალავენ ვის მისცეს ხმა? ის მოქალაქეთა ჯგუფი, რომელიც ხან სხვადასხვა ქვეყნის დროშით გამოდის, ხან როგორ და ხან როგორ, თქვან, ვის მისცეს ხმა. სხვადასხვა მოქალაქეთა ჯგუფი ცდილობს მედიის სახელი ცოტა ქედმაღლურად მაღალი პიედესტალიდან, გვესაუბრონ მორალური უპირატესობის მხრივ. დიახ, ჩვენ ვართ ქართული ოცნება, ის პოლიტიკური გუნდი, რომელიც 12 წელია ხელისუფლებაშია და მილიონ ას ოცი ათასი ადამიანი გვიჭერს მხარს. ისინი ვინ არიან, ვის უჭერენ მხარს, გვითხრან რა არის მათი ღირებულებები, გვითხრან ცნობადმა თუ არაცნობადმა ხალხმა, ვის მისცეს ხმა, რატომ რცხვენიათ, რატომ მალავენ ამას? თქვან ვინ არის ქართულ ოცნებაზე უკეთესი არჩევანი საქართველოსთვის. „ლელო“? თაღლითების პარტია, რომელსაც უნდოდა მილიარდები წაერთვა საქართველოს ბიუჯეტიდან, რომელსაც დღესაც 650 000 დოლარი საქართველოს ბიუჯეტში გადახდილი აქვს, იმიტომ რომ თაღლითური პროცესები აწარმოა და ყველგან დამარცხდა, შიგნითაც და გარეთაც. „ნაცმოძრაობაა“ მათი არჩევანი? მიხეილ სააკაშვილი, ნიკა მელია, ნიკა გვარამია? გვითხრან სად არის მათი ღირებულება. თუ გახარიაა მათი არჩევანი, რომელმაც თავისი გუნდი მიატოვა, უღალატა იმის გამო, რომ გარკვეული მითითებები მიიღო საიდანღაც. ჩაატარონ მარში – დადგნენ და თქვან „ლელოს“ მხარდამჭერები ვართო, თქვან ვისი მხარდამჭერები არიან. დანაწილდნენ და გვაჩვენონ, ვისი მხარდამჭერები არიან. როდესაც ფრთიან ანგელოზებად უნდათ საკუთარი თავის წარმოდგენა ცნობად თუ არაცნობად სახეებს, მორალური პიედესტალიდან საუბრობენ, საუბრობენ ღირებულებებსა და ევროპაზე, გვითხრან ვინაა მათი არჩეული პარტია, ვინაა ქართულ ოცნებაზე მეტად პროევროპული პარტია. როგორც კი იტყვიან, რომ თურმე მათ სააკაშვილს, ხაზარაძეს, გვარამიას მისცეს ხმას, მერე გამოჩნდება სად არის მათი მორალური კომპასი. მანამ სანამ ეს ადამიანები არ იტყვიან ვის მისცეს ხმა, ეს არის ჩვეულებრივი ფარისევლობა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები