შალვა პაპუაშვილი: ჩვენ თავისუფალი ქვეყანა ვართ, ყველას შეუძლია პოლიტიკის წარმოება, ერთადერთი რამე არის, რომ ფარისევლობას და ტყუილს არ უნდა ჰქონდეს ადგილი

ჩვენ თავისუფალი ქვეყანა ვართ, ყველას შეუძლია პოლიტიკის წარმოება, ერთადერთი რამე არის, რომ ფარისევლობას და ტყუილს არ უნდა ჰქონდეს ადგილი, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

აღნიშნული განცხადებით მან უპასუხა კითხვას, „დაწყებულია საუბარი ახალი პარტიების შექმნის აუცილებლობაზე და ამ იდეის ერთ-ერთი ფლაგმანი არის სალომე ზურაბიშვილი, რომელიც ამბობს, რომ ახლა აუცილებელია ხალხმა, იმ აქტივისტებმა, ვინც გამოჩნდნენ ამ პროტესტის პერიოდში, აიღონ მეტი პასუხისმგებლობა, მათ შორის პოლიტიკურიც და შექმნან ახალი ორგანიზაციები. ის, სავარაუდოდ თავის თავსაც ხედავს ამ მომავალ გაერთიანებაში. თქვენ რას უწინასწარმეტყველებდით ახალ პოლიტიკურ გაერთიანებას, მაგალითად, სალომე ზურაბიშვილის ხელმძღვანელობით?“

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, 4 ოქტომბერს იქნება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, მიიღონ მონაწილეობა და ქართველ ხალხს კიდევ ერთხელ ექნება შესაძლებლობა აწონოს ყველას პოზიცია მათი ღირებულებებიდან გამომდინარე.

„ჩვენ თავისუფალი ქვეყანა ვართ, ყველას შეუძლია პოლიტიკის წარმოება, ერთადერთი რამე არის, რომ ფარისევლობას და ტყუილს არ უნდა ჰქონდეს ადგილი. კიდევ ერთხელ, დღემდე ის ადამიანები რომ გამოდიან, თითქოს ხან ასეთი აქტივისტია, ხან გულწრფელი ახალგაზრდაა და ხანაც სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელი, იმიტომაც მალავენ თავის არჩევანს, რომ სინამდვილეში რცხვენიათ ამ არჩევანის, ვინაიდან, როგორც კი იტყვიან მისი მხარდამჭერები არიან, გამოჩნდება კიდევაც სად არის მათი მორალური ღირებულებები. ამიტომ, თუკი ვინმეს უნდა პოლიტიკის ღიად წარმოება, ამისთვის თავისუფალ ქვეყანაში არის ყველანაირი შესაძლებლობა და კი ბატონო, წინ არის არჩევნები, ითხოვდნენ არჩევნებს და დაინიშნა არჩევნები 4 ოქტომბერს. იქნება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, მიიღონ მონაწილეობა და ქართველ ხალხს კიდევ ერთხელ ექნება შესაძლებლობა აწონოს ყველას პოზიცია მათი ღირებულებებიდან გამომდინარე და გააკეთოს არჩევანი. ჩვენ ვხედავთ, რომ 12 წელია ქართველი ხალხი ამ არჩევანში არ ცდება და დარწმუნებული ვარ შემოდგომაზეც სწორ არჩევანს გააკეთებს“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები