დიმიტრი ყიფიანის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ 1200- გვერდიანი წიგნი გამოიცა

2014 წელი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის დიმიტრი ყიფიანის საიუბილეო წელია. მწერლის დაბადებიდან 200 წელი გავიდა. ამ თარიღთან დაკავშირებით მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორის ნუგზარ ყიფიანის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის ლოცვა-ურთხევითა და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით დიმიტრი ყიფიანის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ 1200 გვერდიანი წიგნი გამოიცა.
მთაწმინდის პანთეონში დაკრძალული დიმიტრი ყიფიანის ხსოვნას 70 -მდე ადამიანმა მიაგო პატივი, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ბავშვთა გუნდმა „ჩემო კარგო ქვეყანა“ შეასრულა და დიმიტრი ყიფიანის საფლავთან პარაკლისი გადაიხადეს.
თანამედროვე გამოცემებს შორის ყველაზე სქელტანიანი კრებულის შემდგენელი საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდის პრეზიდენტი ბონდო კობაძეა (გასულ წლებში მისი ინიციატივით ექვთიმე თაყაიშვილისა და გალაკტიონ ტაბიძის საიუბილეო კრებულები გამოიცა). წიგნის რედაქტორი ლია ამანათაშვილია, მხატვარი კი საქართველოს დამსახურებული არქიტექტორი გიორგი ავსაჯანიშვილი. ვინ იყო დიმიტრი ყიფიანი, რა იყო მისი ცხოვრების აზრი და რას შეეწირა მწერალი, – ამ ყველაფერზე ქართულ საზოგადოებას წარსულშიც და დღესაც ძალზე ბუნდოვანი წარმოდგენა ჰქონდა და აქვს. პორტალი „კვირა“ მკითხველს კიდევ ერთხელ ახსენებს დიმიტრი ყიფიანს.
სასწავლებლიდან ქვეყნის სამსახურში: „ჩემს მიერ განვლილ სულის სკოლაში საკმარისად მქონდა გაკვეთილები, რომ ეს უტყუარი წესი შემეთვისებინა, – პირდაპირ და თამამად გამომეთქვა ხოლმე ჩემი აზრი… მაგრამ მიუწვდომლად შორს ვიყავ პირმოთნეობისგან, რომლის მსგავსსაც თავისი ხელქვეითების უმეტეს ნაწილში ხშირად ხვდებოდნენ რანგით უფროსი ადამიანები“, – ეს სიტყვები დიმიტრი ყიფიანს ეკუთვნის. ის ჯერ თბილისის სასულიერო სემინარიაში (იმ შენობაში ამჟამად სახელმწიფო ეროვნული მუზეუმია), შემდეგ კი კეთილშობილთა სასწავლებელში (თბილისის კლასიკური გიმნაზია) სწავლობდა. სწავლის დამთავრებისთანავე ამავე გიმნაზიაში მასწავლებლად მიიწვიეს. ჯერ მხოლოდ 16 წლის იყო, რის გამოც მასწავლებელთა ნაწილმა მისი პედაგოგად დანიშვნა გააპროტესტა, თუმცა გიმნაზიის მმართველებმა ყიფიანს საბუთებში დაბადების თარიღი შეაცვლევინეს, ჩააწერინეს, ვითომ 20 წლის იყო და ასე დააწყებინეს რუსული ენის მასწავლებლობა. მომდევნო ნაბიჯი რუსეთში, ვოლოგდაში, საგუბერნიო მმართველობის მდივნად მუშაობა იყო.
1837 საქმიანობას თბილისში აგრძელებს, ჯერ მთავარმართებლის კანცელარიაში დოკუმენტების შემდგენელად, შემდეგ კი ქალთა საქველმოქმედო საზოგადოების წევრი ხდება. გრაფ ვორონცოვის თბილისის მთავარმართებლად დანიშვნის შემდეგ დიმიტრი ყიფიანს ქართველ თავად-აზნაურთა სიის შედგენას სთხოვენ. თავად-აზნაურთა აღნუსხვას სათავადაზნაური კანონმდებლობის შექმნა მოჰყვა. ამ კანონმდებლობის ავტორიც დიმიტრი ყიფიანი იყო. თუმცა ვორონცოვმა კანონი დაიწუნა, მთავარმართებელთან უთანხმოების გამო ყიფიანი იძულებული შეიქმნა თანამდებობა დაეტოვებინა. 1856 წელს კავკასიის მეფისნაცვლად თავადი ბარიატინსკი ინიშნება. ყიფიანი მთავრობაში ბრუნდება. მეფისნაცვლის მას პირველ დავალებას აძლევს და საკუთარი მამულის აღწერას სთხოვს. თუმცა დავალეწბის შესრულების პროცესში მეფისნაცვალთანაც უსიამოვნება მოსდის და ისევ სამსახურის გარეშე რჩება. მემუარებში თავის წარუმატებლობაზე ბევრს არ საუბრობს. მხოლოდ გულდაწყვეტას გამოხატავს იმის გამო, რომ ქვეყნისთვის სასიკეთო საქმეების კეთებას არ აცლიან. ფარ-ხმალს მაინც არ ყრის და ისევ განათლების სისტემაში ბრუნდება და პირველ კლასიკურ გიმნაზიაში მზრუნველთა საბჭოს აარსებს. გასაქანს აქაც არ აძლევენ, ყიფიანი გლეხების დასაცავად ბრძოლას იწყებს, რადგან ხედავს, რომ საზოგადოების ზნეობრივი მდგომარეობა მძიმეა, ადამიანთა უმეტესობა იჩაგრება. სხვა გამოჩენილ ქართველებთან ერთად (ალექსანდრე ჭავჭავაძე, სოლომონ დოდაშვილი, გრიგოლ ორბელიანი, ვახტანგ ორბელიანი, იასე ფალავანდიშვილი) ის ქართველი ყმების დასაცავ მიტინგებში მონაწილეობს და სიტყვითაც გამოდის. მეამბოხე ახალგაზრდებს ჯერ მეტეხის ციხეში აპატიმრებენ, შემდეგ კი ვოლოგდაში აგზავნიან. რუსეთში გატარებული პატიმრობის წლების შემდეგ დიმიტრი ყიფიანი სამშობლოში ბრუნდება. მდგომარეობა ისევ უცვლელია. გლეხების ყოფა კვლავ აუტანელია. ყიფიანი თავადაზნაურებს სთხოვს, გლეხებს ფინანსურად დაეხმარნონ და კონკრეტულ წინადადებას სთავაზობს: ყველა გლეხის ოჯახს დახმარების სახით თვეში 25 მანეთი დაენიშნოს, ამ პერიოდში იქმნება სათავადაზნაურო ბანკი.დიმიტრი ყიფიანი ისტორიაში, როგორც ამ ბანკის დამაარსებელი, ისე შევიდა. დიმიტრი ყიფიანი – ხელოვნების სამსახურში დიმიტრი ყიფიანი პირველი ქართველი მწერალი იყო, ვინც შექსპირი ქართულ ენაზე თარგმნა, ის პიესებს ქართული თეატრისთვის ფრანგული და რუსული ენებიდანაც თარგმნიდა.  თუმცა ქართულ თეატრს ის არა მხოლოდ პიესებით ეხმარებოდა, მისი ინიციატივით ახალგაზრდა, ნიჭიერ მსახიობებს ფულადი პრემიით აჯილდოვებდნენ.
ყიფიანმა უბიძგა იმდროინდელ ახალგაზრდებს სცენისმოყვარულთა წრის ჩამოყალიბებისკენ. ამ წრის დაარსებამ მომავალში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ქართველი მსახიობების გამოვლენაში, შეიქმნა პირველი თეატრალური დასები თბილისსა და ქუთაისში, 1880 წელს კი დიმიტრი ყიფიანის შუამდგომლობით მთავრობაში დრამატული საზოგადოება დაარსდა. საბჭოთა ხელისუფლების დამყარებამდე ქართული თეატრის განვითარებაზე ეს საზოგადოება ზრუნავდა.
„200-დიმიტრი ყიფიანი“, – ამ წიგნიდან ვიგებთ, რომ ზველი დამწერლობიდან თანამედროვე ქართულ დამწერლობაზე ქართული საზოგადოება დიმიტრი ყიფიანის მიერ შედგენლი ახალი ქართული გრამატიკით გადავიდა, გაეცნობით დიმიტრი ყიფიანის აქამდე უცნობ წერილებს, წაიკიტხავთ თავადის სიყვარულის ისტორიებსა და ბურუსით მოცული მკვლელობის ამბავსაც.
იმას, რასაც კრებულში ვერ ამოიკითხავთ, პირველად ამ პორტალიდან შეიტყობთ: 1850 წელს დიმიტრი ყიფიანს კატერი აუწყვია, მისი დეტალები ხელნაწერთა ინსტიტუტში ინახება. ქვიშხეთში, დიმიტრი ყიფიანის სახლ-მუზეუმის რეაბილიტაციის შემდეგ კატერი მუზეუმში გადაინაცვლებს. მუზეუმის განახლება სულ მალე დაიწყება და 2015 წლამდე დასრულდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები