მამუკა მდინარაძე: კახა მართლაც უალტერნატივოა – გახსოვთ თბილისი 8 წლის წინ და დღეს, ეს შეიძლება ყოველდღიურ რეჟიმში შესამჩნევი არ იყოს, მაგრამ რომ გადავხედოთ რა იყო 8 წლის წინ და დღეს, უკვე ყველაფერს თავისი სახელი ერქმევა
„ქართულ ოცნებაში“ იმის კომფორტი გვაქვს, რომ არა მხოლოდ მომავალზე, არამედ წარსულიდან გამომდინარე, მისი საქმიანობიდან გამომდინარე, მომავალზე ვილაპარაკოთ. კახა მართლაც უალტერნატივოა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანი მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
„ალბათ გახსოვთ თბილისი 8 წლის წინ და დღეს. ხანდახან ვამბობთ ხოლმე, რომ ყოველდღიურად როცა ვუყურებთ როგორ შენდება, ირგვება ნარგავები და როგორ ცოცხლდება ეს ქალაქი ნელ-ნელა, ეს შეიძლება ყოველდღიურ რეჟიმში შესამჩნევი არ იყოს, მაგრამ რომ გადავხედოთ რა იყო 8 წლის წინ, როცა კახა მერად აირჩია თბილისმა და დღეს, უკვე ყველაფერს თავისი სახელი ერქმევა.
დარწმუნებული ვარ, ამ ყველაფერზე დაშენებული მეტი წარმატება, მეტი სიკეთე ჩვენს დედაქალაქს ერთი-ორად წაადგება. როდესაც გაკეთებული საქმის დაფასება და სწორი შეფასება შეუძლია თბილისს და თბილისელს, აქ კიდევ უფრო მარტივია არჩევანი „ქართული ოცნების“ და კახა კალაძის სასარგებლოდ“, – აღნიშნა მდინარაძემ.