მოგზაურობა დედამიწის გარშემო დასასრულს უახლოვდება – ვინ არის ადამიანი, რომელმაც ფეხით ათიათასობით კილომეტრი გაიარა
წარმოიდგინეთ ნაცრისფერი ცა გავარვარებული დედამიწის თავზე, გამჭოლი ქარი მაგელანის სრუტედან და ერთი ადამიანის სილუეტი, ზურგზე მოკიდებული მძიმე ჩანთით. ის მიდის არა ერთი დღით და ერთი კვირით, არამედ ათეული წლით…
მე მივალ სახლამდე ფეხით… დედამიწის დასასრულიდან… მანქანის გარეშე… მოკლე გზების გარეშე… მხოლოდ ნაბიჯი მისდევს ნაბიჯს…
კარლ ჯეიმს ბუშბი – ბრიტანელი მოგზაური, ყოფილი სამხედრო და ადამიანი, რომელმაც საკუთარი ცხოვრება, პირდაპირი მნიშვნელობით, სიარულს დაუთმო. მისი მიზანია, დაასრულოს ყველაზე დიდი მოგზაურობა — უნდა შემოუაროს დედამიწას ფეხით, ყოველგვარი ტრანსპორტის გარეშე.
ამ გზას კარლმა „Goliath Expedition“ დაარქვა. ეს იმ ჩანთის სახელია, რომლითაც 1998 წლის 1-ელ ნოემბერს ჩილეს ქალაქ პუნტა-არენასიდან მოგზაურობა დაიწყო. კარლ ბუშბი მაშინ 29 წლის ვეტერანი იყო, რომელმაც ჯარში მსახურება მიატოვა და საკუთარი თავისთვის დიდი გამოცდის მოწყობა გადაწყვიტა. ის არ წასულა რეკორდების დასამყარებლად. ეს გზა მისი ფილოსოფია გახდა.
მან გაიარა არგენტინა, ბოლივია, პერუ, კოლუმბია, პანამა… გადალახა ყველაზე საშიში ჯუნგლები ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაში, რომლებიც სავსე იყო ნარკოკარტელებითა და შეიარაღებული დაჯგუფებებით. ღამეს სოფლის ფარდულებში, კარავში და ზოგჯერ ღია ცის ქვეშ ატარებდა. ხდებოდა ავად და გონებასაც კარგავდა სიცხისგან, მაგრამ სხვლას მაინც აგრძელებდა.
მამაკაცმა მოგზაურობის დასაწყისშივე მკაცრი წესები შემოიღო:
- იაროს მხოლოდ ფეხით;
- არ გამოიყენოს არანაირი ტრანსპორტი;
- არ დაბრუნდეს უკან ან გამოტოვოს რომელიმე მონაკვეთი;
- დაასრულოს გზა ინგლისში, თავისი სახლის ზღურბლთან.
2006 წლის მარტში კარლმა რაღაც წარმოუდგენელი შეძლო. მან გაყინული ბერინგის სრუტე გადალახა, რომელიც ამერიკასა და აზიას აკავშირებს. ყინული თხელი იყო, დინებას ისინი ღია ზღვაში გაჰქონდა. ბუშბის ბრიტანელი მეგზური ჰყავდა, რომელთან ერთადაც ყინულის ნაპრალებში ეძინა. ისინი მიდიოდნენ წელამდე თოვლში და 15 დღის შემდეგ ჩუკოტკამდე მიაღწიეს, სადაც რუსმა მესაზღვრეებმა საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის გამო დააკავეს.
იურიდიული პრობლემების მოგვარებას წლები დასჭირდა და ყველაფერი ეს ერთი პრინციპის გამო — არ დაერღვია დადგენილი წესები.
ყველაზე დიდი საფრთხე მისთვის ცხოველები ან გარემო პირობები კი არა, ბიუროკრატია აღმოჩნდა.
ბუშბი თვეობით, ხანდახან კი, წლობით ფერხდებოდა, სანამ კონკრეტულ მიწებზე გავლის უფლებას ელოდებოდა. მან გაიარა სირია, ყაზახეთი, უზბეკეთი, აზერბაიჯანი და საქართველო. 2025 წლის 1-ელ თებერვალს მან Facebook-ის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა ვიდეო ბათუმიდან, სადაც აჩვენებს, თუ როგორ გამოიარა საქართველო, მათ შორის, როგორ გადალახა ფეხით რიკოთის უღელტეხილი და გვირაბი.
2025 წლის აპრილში სტამბოლამდე მიაღწია. 26 წელი გზაში, 47 ათასი განვლილი კილომეტრი, 50-ზე მეტი გაცვეთილი ფეხსაცმელი. ახლა, 2025 წლის ზაფხულს ის კვლავ გზაშია. წინ სერბეთია, უნგრეთი, ავსტრია, გერმანია, ბელგია…
მამაკაცს ასაკიც მოემატა, უფრო მშვიდი და ჩუმი გახდა, ნაკლებს საუბრობს და უფრო მეტს უყურებს. ის გზას უსმენს, რადგან გზა, ამდენი ერთად განვლილი წლის შემდეგ, მას ესაუბრება.
რას დაუტოვებს ის საზოგადოებას? კარლმა დაწერა წიგნი — „The longest Walk“, თუმცა მის ნაბიჯებზე უფრო მნიშვნელოვანი — მისი იდეაა:
სამყარო დიდია, მაგრამ ის სულ უფრო პატარა ხდება, როდესაც მასთან ფეხით მიდიხარ. მე არ ვარ მოგზაური, უბრალოდ, ადამიანი ვარ, რომელიც სახლში მიდის.