რომელი ინფექციური დაავადებებია გავრცელებული ზღვის კურორტებზე და რა უნდა გააკეთოს დამსვენებელმა მათი თავიდან ასაცილებლად
რომელი ინფექციური დაავადებებია გავრცელებული ზღვის კურორტებზე და რა უნდა გააკეთოს დამსვენებელმა მათი თავიდან ასაცილებლად – ამ საკითხებზე ექიმ-ინფექციონისტმა ალექსანდრე გოგინავამ „კვირასთან“ ისაუბრა.
ინფექციონისტი ,ალექსანდრე გოგინავა
როგორც გოგინავამ „კვირასთან“ აღნიშნა, ინფექციური დაავადებების თავიდან ასაცილებლად აუცილებელია ჰიგიენის ნორმების დაცვა.
„ზაფხულის სეზონზე ყველაზე მეტად გავრცელებულია ნაწლავური ინფექციები და საკვების მიერ მიღებული ინტოქსიკაციები. ეს დაავადებები ხშირია საკურორტო ზოლში და განსაკუთრებით ზღვისპირა რეგიონებში, რაც არის სხვადასხვა ფაქტორებით გამოწვეული.
პირველი ის, რომ ეს დაავადებები როგორც წესი ჰაერწვეთოვანი და კონტაქტური გზით გადადის – ეს ბუნებრივია, რადგან ვიცით რომ საკურორტო ზოლში მობილობა გაზრდილია;
მეორე – ინფექციების გავრცელების ერთ-ერთი ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი ფაქტორი არის ჰიგიენური ნორმების უგულებელყოფა და გარკვეულწილად ზღვის კურორტებზე არის ხოლმე ეს პრობლემა, როცა ვერ ვახერხებთ ჰიგიენური ნორმების დაცვას. ყოველი ზღვაში ჩასვლის და ამოსვლის შემდეგ უნდა დავიმუშავოთ ხელები და ისე მივირთვათ საკვები; მესამე – ზოგადად თბილ სეზონზე ბაქტერიები უფრო ადვილად მრავლდებიან და ესეც ხელს უწყობს ამ დაავადებების გავრცელებას.
ასევე მნიშვნელოვანია საკვებით გამოწვეული ნაწლავური ინფექციებიც, რაც პროდუქტების სწორად შენახვა-მოხმარების საკითხია. არის შემთხვევები, როდესაც არასწორად გამოიყენება ან არასწორად არის შენახული, რის შედეგადაც იზრდება რისკები სხვადასხვა ინფექციური დაავადებების. ძალიან მნიშვნელოვანია თუ სიმპტომები გამოგვივლინდა თავი შევიკავოთ მზეზე გასვლისგან, რაც ძალიან სერიოზულია იმიტომ რომ ახლა არის საკმაოდ მაღალი ტემპერატურა მთელს საქართველოში და თუ ჩვენ გვაქვს ინფექცია და მზის პირდაპირი სხივების ქვეშ ვექცევით ეს ხელს შეუწყობს ინფექციის პროგრესირებას განსაკუთრებით ეს ეხება ნაწლავურ ინფექციას – ისედაც დეჰიდრატაცია შეიძლება მოხდეს და დამატებით თუ ნაწლავური ინფექცია გვაქვს ეს პრობლემა უფრო გაღრმავდეს, აქედან გამომდინარე მე მივცემდი რეკომენდაციას ჩვენს მოქალაქეებს როგორც საკურორტო ზოლში ასევე ნებისმიერ სხვა რეგიონში, რომ თუ აქვთ მწვავე ნაწლავური ინფექცია მოერიდონ მზის პირდაპირ მოქმედებას მიიღონ დიდი რაოდენობით სითხე, მსუბუქი საკვები, რადგან თავიდან ავიცილოთ ამ დაავადებების მძიმე მიმდინარეობა.
განსაკუთრებით გავამახვილებდი ყურადღებას მცირეწლოვან ბავშვებზე, ასაკოვან ადამიანებსა და ქრონიკული დაავადების მქონე პირებზე იმიტომ, რომ მათთან შეიძლება ეს დაავადებები საკმაოდ მძიმედ წავიდეს“, – აღნიშნა გოგინავამ.
როგორც რესპოდენტი განმარტავს, რისკ-ჯგუფებში შემავალი ადამიანებისთვის ცოტა სხვა რეკომენდაციებია თუ სიმპტომები გამოვლინდა და არის ასაკოვანი 60 წელს ზემოთ ან ქრონიკული დაავადებების მქონე, ასევე არის 2 წლამდე ბავშვი ასეთ დროს უმჯობესია, რომ დროულად მოხდეს ექიმთან მიმართვა, რათა შეფასდეს მდგომარეობა და დაინიშნოს მედიკამენტური მკურნალობა.
,,ხელების დაბანა გაანახევრებს ნაწლავური ინფექციების გავრცელებას იმიტომ, რომ ჰიგიენური ნორმების დაცვა არის ძალიან მნიშვნელოვანი.
დიზინტერია ეს არის მდგომარეობა რომელიც გამოწვეულია ბაქტერიული აგენტებით, ყველაზე ხშირად მას იწვევს ბაქტერია „შიგელა“ და ზუსტად დიზინტერიის გავრცელების 90%-ი ჰიგიენური ნორმების დარღვევის ბრალია. დიზინტერიის კლინიკური მიმდინარეობა არის მდგომარეობა, რომელსაც სჭირდება სპეციფიკური მკურნალობა ანტიბაქტერიული ანტიბიოტიკო თერაპია, ამიტომ მისი დროული დიაგნოსტირება აუცილებელია. ძალიან რთულია სახლის პირობებში გარჩევა რომელთან გვაქვს საქმე მაგრამ არის გარკვეული ნიშნები რაზეც უნდა გავამახვილოთ ყურადღება: თუ არის გახშირებული ნაწლავთა მოქმედება და ახლავს თან ლორწო, სისხლი ეს უკვე ნიშნავს, რომ გაქვთ დიზინტერია და უნდა მიმართოთ ექიმს, რათა მოხდეს სპეციფიკური მკურნალობა”,- ამბობს ინფექციონისტი.
კითხვაზე, წინა წელთან შედარებით წელს რამდენად ხშირია დიზინტერიის შემთხვევით მიმართვიანობა კლინიკაში, გოგინავა აცხადებს, რომ ბავშვთა ასაკში ზაფხულის სეზონზე შემთხვევები იმატებს და წლევანდელი წელიც არ არის გამონაკლისი.
,,ფიქსირდება შემთხვევები თუმცა წინა წლებთან შედარებით მკვეთრი მატების ტენდენცია არ შეინიშნება”, – აღნიშნა გოგინავამ ,,კვირასთან” საუბრისას.