გიორგი ცუცქირიძე: ექსპორტის სტრუქტურაში დადებითი ტენდენცია ნარჩუნდება, რაც ქვეყანაში დასაქმების მნიშვნელოვანი წყაროა

ექსპორტის სტრუქტურაში დადებითი ტენდენცია ნარჩუნდება ადგილობრივ ექსპორტთან მიმართებაშიც, რაც ქვეყანაში დასაქმების მნიშვნელოვანი წყაროა, – ამის შესახებ ეკონომისტი გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, გასულ წელთან შედარებით ეროვნული ვალუტის კურსის გამყარება – 3.4 პუნქტით, სრულ თანხვედრაშია სავალუტო რეზერვების ზრდასთან.

„2025 წლის ივნისში საქართველოს ეკონომიკის ზრდამ 6.3 პროცენტი შეადგინა, რაც პირველი ორი კვარტლის (იანვარ-ივნისში) მიხედვით 8.3 პროცენტია. შედარებისათვის ზრდის ტემპით 1.7 ჯერ ვუსწრებთ როგორც რეგიონის, ისე გლობალური ეკონომიკის ზრდის საშუალო მაჩვენებელს. ამასთან, 2019 წლის კოვიდპანდემიურ დონესთან შედარებითაც ზრდა 45%-ს შეადგენს, რაც 2.7 ჯერ აღემატება გლობალური ეკონომიკის ზრდის ანალოგიურ მაჩვენებელს (+16.3%) .

წმინდა მაკროფაქტორებიდან, მართალია, ინფლაციამ, 2025 წლის ივნისში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 4.0 პროცენტი შეადგინა, რაც მეტია მის სამიზნე მაჩვენებელზე(3%). თუმცა, დეფლაციამ ივნისში წინა თვესთან შედარებით 0.01 პროცენტი შეადგინა, რაც პირველი დეფლაციური თვეა ბოლო 10 თვის მანძილზე.

აღსანიშნავია, რომ ლარის გამყარების გამო 2025 წლის ივნისში ბოლო 12 თვის საშუალო ინფლაცია წინა პერიოდთან შედარებით მის სამიზნე მაჩვენებელზე დაბალ დონეზე იყო და მხოლოდ 2.1 პროცენტი შეადგინა.

ნიშანდობლივია, რომ ზედიზედ მესამე თვეა, რაც მატების ტემპი ექსპორტს გაცილებით მაღალი აქვს, ვიდრე იმპორტს, ხოლო 2025 წლის ივნისში ექსპორტის მატების ტემპი წინა წლის შესაბამის მაჩვენებელთან  შედარებით 3-ჯერ აღემატებოდა იმპორტის ანალოგიურ მაჩვენებელს (10.3% და 3.7%). შედეგად, ექსპორტით იმპორტის გადაფარვამ 2025 წლის ივნისში შეადგინა 46.6 პროცენტი, რაც გასული  წლის დონეს 4 პუნქტით აღემატება. რაც ეკონომიკისათვის პოზიტიური ტრენდია, ამცირებს რა სავაჭრო ბალანსის დეფიციტს, დადებითად ზემოქმედებს ლარის გაცვლით კურსზე.

ექსპორტის სტრუქტურაში დადებითი ტენდენცია ნარჩუნდება ადგილობრივ ექსპორტთან მიმართებაშიც, რაც ქვეყანაში დასაქმების მნიშვნელოვანი წყაროა. ივნისში საქართველოს ადგილობრივი ექსპორტი  გაიზარდა 8.4 პროცენტით და 312.2 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საუკეთესო მაჩვენებელია ბოლო 8 თვის მანძილზე, მოდიოდა რა მთლიანი ექსპორტის მატების  40 პროცენტი. მთლიანობაში  ადგილობრივი ექსპორტის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში შეადგინა 48.8 პროცენტი, რაც საუკეთესო მაჩვენებელია ბოლო 1 წლის მანძილზე.

ექსპორტის საგრძნობი ზრდა ეროვნული ვალუტის კურსის გამყარების პირობებშიც კი აჩვენებს სებ-ის მონეტარული პოლიტიკის ეფექტურობას და ადასტურებს საქართველოს ეკონომიკის მზარდ პოტენციალს და წარმოებული პროდუქციის გაზრდილ კონკურენტუნარიანობას საერთაშორისო ბაზრებზე.

მონეტარული პოლიტიკის ეფექტურობა აისახება როგორც მონეტარული განაკვეთით ზრდის ხელშეწყობაში, ასევე დაბალ ინფლაციაში და სავალუტო კურსის დინამიკაზე.

ჩვენ ვხედავთ, რომ გასულ წელთან შედარებით ეროვნული ვალუტის კურსის გამყარება – 3.4 პუნქტით, სრულ თანხვედრაშია სავალუტო რეზერვების ზრდასთან, რომელმაც უკვე გადააჭარბა გასული წლის ანალოგიური პერიოდის დონეს, და სახელმწიფო ვალის შემცირებასთან, რაც მშპ-ის 36%-ის ფარგლებშია.

ამასთან, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია მოქნილ ფისკალურ პოლიტიკასთან ერთად, მონეტარული პოლიტიკის ეფექტი ასევე ასახულია საბანკო დეპოზიტების ზრდაში, რაც საბანკო დაკრედიტების უმნიშვნელოვანესი წყაროა. საქართველოს ეროვნული ბანკის ანგარიშის მიხედვით, საბანკო სექტორში განთავსებული დეპოზიტების მოცულობამ 2025 წლის ივნისის ბოლოსათვის 60.77 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც 1.85 მილიარდი ლარით, ანუ 3.15%-ით მეტია წინა თვის ბოლოს არსებულ მაჩვენებელზე, ხოლო დეპოზიტების წლიურმა ზრდამ, გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 11.57% შეადგინა.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ დეპოზიტების ზრდა თანხვედრაშია ლარიზაციის ზრდასთან, რაც თავის მხრივ ზრდის რა სალარე დაკრედიტების ბაზას, ამცირებს სავალუტო რისკებსაც. დეპოზიტების ლარიზაციამ 2025 წლის ივნისის ბოლოსათვის 50.33 პროცენტი შეადგინა, და წინა თვესთან შედარებით 1.10 პროცენტული პუნქტით არის გაუმჯობესებული.

აღსანიშნავია, რომ ეკონომიკის პოზიტიური ტენდენციები აისახა საერთაშორისო სავალუტო ფონდის გადასინჯულ პროგნოზებში.

მოგეხსენებათ, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა თავისივე სამი თვის წინანდელი პროგნოზი საქართველოს ეკონომიკის 2025 წლის ზრდაზე გაზარდა 6%-დან – 7.2% პროცენტამდე, რაც გლობალური ეკონომიკის ზრდის მაჩვენებელს 2.3-ჯერ აღემატება“, – წერს გიორგი ცუცქირიძე Facebook-ზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები