ბრიტანეთში სიმსივნის ინოვაციური წამლები კლინიკურ პრაქტიკაში შედის

ბრიტანეთის ეროვნული ჯანდაცვის სამსახურმა (NHS) დაამტკიცა ორი წამლის – belantamab mafodotin და capivasertib – კლინიკური გამოყენება, რაც პაციენტებს მკურნალობის ახალ და პერსონალიზებულ შესაძლებლობებს სთავაზობს,- ინფორმაციას ჯანდაცვის სამსახური თავად ავრცელებს.

ჯანდაცვის ეროვნული სამსახური მსოფლიოში პირველი ჯანდაცვის სისტემა იქნება, რომელიც სისხლის კიბოთი დაავადებული პაციენტებისთვის „ტროას ცხენის“ ტიპის მიზანმიმართულ თერაპიას დანერგავს, რომელსაც დაავადების პროგრესირების შეჩერება არსებულ მკურნალობასთან შედარებით თითქმის სამჯერ უფრო ხანგრძლივი დროით შეეძლება.

მკვლევრებმა წამლებს „ტროას ცხენები“ უწოდეს, რადგან ისინი ისეა შექმნილი, რომ კიბოს უჯრედმა შეიწოვოს, სანამ უჯრედის შიგნიდან გასანადგურებლად მომაკვდინებელი მოლეკულის მაღალი კონცენტრაციით გამოთავისუფლდება.

ბრიტანეთში სიმსივნის ორი მოწინავე პრეპარატის გამოყენება უკვე დაიწყო, რაც ონკოლოგიური თერაპიების განვითარების მხრივ მნიშნელოვან ეტაპს წარმოადგენს.

პრეპარატი უკვე დაინიშნა იმ პაციენტებისთვის, რომელთაც აქვთ სისხლის იშვიათი სიმსივნე — multiple myeloma. ეს წამალი სიმსივნის უჯრედებს სპეციალური ანტითელოს მეშვეობით ეკვრის, შიგნით ატარებს ტოქსინს და შიდა აფეთქებით ანადგურებს მათ. კლინიკური კვლევების მიხედვით, პრეპარატი მკურნალობის ეფექტურობას მნიშვნელოვნად ზრდის, ხოლო გვერდითი ეფექტები — მინიმალურია.

მეორე წარმატებული ინოვაცია უკავშირდება მკერდის სიმსივნეს. კომპანია AstraZeneca-სა და ლონდონის სიმსივნის კვლევის ინსტიტუტის მიერ შექმნილი პრეპარატი capivasertib, უკვე დაინერგა იმ ქალებისთვის, რომლებსაც აქვთ ჰორმონზე მგრძნობიარე და HER2-ნეგატიური ტიპის სიმსივნე. პრეპარატი მიზნობრივად მოქმედებს AKT-პროტეინზე, რაც ხელს უშლის სიმსივნის ზრდას. კლინიკური კვლევებით დადასტურდა, რომ პრეპარატმა ორჯერ გაზარდა დაავადების პროგრესირების შეფერხების დრო.

NHS-ის შეფასებით, ორივე პრეპარატი ახალ იმედს უჩენს ათასობით პაციენტს, რომელთათვისაც ტრადიციული მკურნალობის მეთოდები აღარ იყო ეფექტური.

ექსპერტთა შეფასებით, ეს არის მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი სიმსივნეების სამკურნალოდ უფრო ტარგეტული და ნაკლებად ინვაზიური მეთოდების დანერგვის გზაზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები