„ბოლო „კი“ ადამიანზე წყდება“ – შეცვალა თუ არა ხელოვნურმა ინტელექტმა ჩვენი ცხოვრება და რა ინოვაციებია ამ კუთხით საქართველოში

ხელოვნური ინტელექტი ახალი ტექნოლოგიური ეპოქის მთავარ კატალიზატორად იქცა, რომელიც გავლენას ახდენს ყოველდღიურ ცხოვრებასა და ბიზნესოპერირებაზე.

როგორ შეცვალა ხელოვნურმა ინტელექტმა ჩვენი ცხოვრება და რომელი სფეროები მოიცვა მან – ამ თემაზე სასაუბროდ მედიაჰოლდინგი „კვირა“ საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატის დირექტორის მოადგილეს, გიორგი ვეკუას დაუკავშირდა.

როგორც ვეკუამ განაცხადა, დღესდღეობით, AI მსოფლიოს მასშტაბით ინერგება და უკვე გარკვეული წინსვლები გვაქვს საქართველოშიც.

მისი თქმით, ბევრმა კომპანიამ დაიწყო ამ მიმართულებით საქმიანობის განხორციელება.

„საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატის მთავარი ამოცანა არის ბიზნესის მხარდაჭერა, იმ მიმართულებების, სადაც აქვთ ძირითადი გამოწვევები.

დღესდღეობით ხელოვნური ინტელექტი ნელ-ნელა, როგორც ყოველდღიურ ცხოვრებაში, ასევე ბიზნესში ტრანსფორმირებას უკეთებს მას. თუ როგორ ვაკეთებთ მას და როგორ გვიადვილებს საოპერაციო პროცესებს.

მარტივი პასუხი რომ გავცეთ, ხელოვნურ ინტელექტს რეალურად ბიზნესი ახალ ეტაპზე გადაჰყავს და თითქმის ყველა საოპერაციო ელემენტს ითავსებს. AI საქმეს აკეთებს ათჯერ უფრო სწრაფად და ათჯერ უფრო ხარისხიანად. შესაბამისად, პალატის პოზიციაა, რომ დღესდღეობით ძალიან მნიშვნელოვანია, ბიზნესები გადავიდნენ ახალ რეალობაზე და დაიწყონ ხელოვნური ინტელექტის ინტეგრირება საკუთარ საქმიანობაში.

AI ნელ-ნელა მსოფლიოს მასშტაბით ინერგება. საქართველოშიც უკვე გარკვეული წინსვლები გვაქვს. ბევრმა კომპანიამ დაიწყო ამ მიმართულებით საქმიანობის განხორციელება. ასეთი კომპანიების ტალღა უკვე შეინიშნება, მაგალითად, GITA-ს დაფინანსებით არაერთმა კომპანიამ დაიწყო სერვისების შეთავაზება. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მთავარია, თუ როგორ აკეთებს მცირე და საშუალო ბიზნესი AI-ს ინტეგრირებას“, – ამბობს გიორგი ვეკუა.

სავაჭრო სამრეწველო პალატის დირექტორის მოადგილე კონკრეტულ სფეროებზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ მას თითქმის ყველა სექტორში გარკვეული სიახლე შემოაქვს და აჩქარებს პროცესებს.

„AI-ის ინტეგრირება სხვადასხვა სექტორში ძალიან განსხვავებულად ხდება. მაგალითად, წარმოების პროცესში ხდება მიწოდების ჯაჭვის ოპტიმიზაცია მოთხოვნების პროგნოზირებით, რუტინული პროცესების ავტომატიზაცია, პროგნოზირებადი ტექნიკური მომსახურების დანერგვა.

უკვე გაჩნდა ე.წ. ჩათბოტები, რომლებიც აღარ საჭიროებს იმას, რომ ადამიანი 24 საათი იჯდეს და კითხვა-პასუხს სცემდეს. უბრალოდ დააყენებ „ჩათბოტს“ და შემდეგ უკვე ეს მომსახურების სერვისი ავტომატიზირებული ხდება.

ხელოვნურ ინტელექტს გარკვეული რევოლუცია შემოაქვს განათლებაშიც, რადგან AI რეპეტიტორები ცოცხალი ტრენინგების საჭიროებას ასრულებენ. თუკი ადრე ფუფუნება იყო, რომ პირადი ტუტორი ჰყოლოდა ადამიანს, დღეს შეუძლია შექმნას სრულიად თავის თავზე მორგებული მასწავლებელი, რომელიც მის ენაზე უხსნის, არასდროს არ იღლება და ა.შ.

ლოგისტიკის ნაწილში მოთხოვნებისა და მარაგების პროგნოზირება შეიძლება. ეს იმას ნიშნავს, რომ ხელოვნური ინტელექტი წინასწარ განსაზღვრავს, რა მარაგი დაგვჭირდება 3-4 თვეში და ზოგადად, რა დატვირთვა ექნება კომპანიას.

ამასთან, ის მედიის, მარკეტინგის და ბრენდინგის ნაწილში ძალიან დიდ გარდატეხას ახდენს. აღარ არის საჭირო ძვირადღირებული დიზაინერები, მარკეტერები და ხელოვნურ ინტელექტს კარგად შეუძლია გააკეთოს აუდიო, ვიდეო, ფოტო მასალები, ასევე დაწეროს სარეკლამო ტექსტები. ფაქტობრივად, ის ქმნის საინტერესო კონტენტს, შეუძლია სოციალურ ქსელში რეკლამის გაშვება და ავტომატურად ითვლის ე.წ. რიჩებს. AI ლაივ პროცესში აკეთებს თავისი საქმიანობის ადაპტაციას.

ფინანსების და იურიდიული მომსახურების ნაწილში ძალიან აადვილებს პროგნოზირებას და ავტომატიზაციას. შეუძლია ძალიან მარტივად გააკეთოს გამოთვლითი კალკულაციები, დააგენერიროს ხელშეკრულებები და სხვადასხვა ტიპის დოკუმენტები.

ხელოვნური ინტელექტი მშენებლობის სფეროში, იგივე დიზაინისა და პროექტის დაგეგმარების ინსტრუმენტებად შეიძლება იქნას გამოყენებული.

მას თითქმის ყველა სფეროში გარკვეული სიახლე შემოაქვს და აჩქარებს პროცესებს.

ანალიტიკის და რეაგირების დროს ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული მომსახურე პერსონალი ფაქტობრივად უკვე ანაცვლებს ადამიანის ფუნქციას. ბევრი მსხვილი კორპორაცია  უკვე იყენებს აუდიო მოპასუხეს, რომელსაც ვერ გაარჩევთ ნამდვილი ადამიანისგან. ის სრულად ფლობს ინფორმაციას კომპანიის შესახებ“, – განაცხადა ვეკუამ.

ამასთან, მან ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებით საქართველოში არსებულ პრობლემებზეც ისაუბრა და თქვა, რომ ამ მიმართულებით თავდაპირველად, საქართველოში ინფორმაციის ნაკლებობა იყო, თუმცა დღეს, AI მეტ-ნაკლებად ავითვისეთ.

„მსოფლიო ეჩვევა სიახლეს, რადგან ის ძალიან სწრაფად ვითარდება. წელიწად-ნახევარია, რაც ხელოვნური ინტელექტი ChatGPT-ის სახით შემოვიდა და მას შემდეგ ძალიან განვითარდა.

თავდაპირველად, საქართველოში იყო ინფორმაციის ნაკლებობა, მეტ-ნაკლებად ავითვისეთ, აქ ენობრივი ბარიერიც იყო და ქართული უკვე ხელოვნური ინტელექტის დიდმა ნაწილმაც აითვისა. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ პოტენციალი ძალიან დიდია, მით უმეტეს პატარა ქვეყნებისთვის, როგორიცაა საქართველო. ამ რესურსის სრული გამოყენება უზრუნველყოფს იმას, რომ უფრო კონკურენტუნარიანები გავხდებით გლობალურ ბაზარზე“, – ამბობს სავაჭრო სამრეწველო პალატის დირექტორის მოადგილე.

მანვე აღნიშნა, რომ ხელოვნურ ინტელექტს შეუძლია ჩაანაცვლოს ან შექმნას ახალი პროფესიები და ეს პროცესი შეუქცევადია.

„დროთა განმავლობაში გარკვეულ პროფესიებზე მოთხოვნები იკლებს და მომავალში ვფიქრობ, AI სრულად ჩაანაცვლებს მათ. ძალიან მარტივი მაგალითია პროგრამისტობა, რომელიც ერთ დროს ძალიან მოთხოვნადი იყო, მაგრამ დღესდღეობით, კოდების უმეტესობას ხელოვნური ინტელექტი წერს.

გარდა ამისა, ის უადვილებს კომპანიებს თავიანთი საქმიანობის განხორციელებას. თუ ადრე 15 ადამიანი იყო საჭირო ერთი დავალების შესასრულებლად, დღეს კონკრეტული საქმიანობა შესაძლებელია 2-მა ადამიანმა შეასრულოს.

AI არამარტო აღმოფხვრის გარკვეული პროფესიების საჭიროებას, არამედ ქმნის ახალ პროფესიებს, ამიტომ ვფიქრობ, სამუშაო ბაზარზე ძალიან დიდი ცვლილებები იქნება.

დღეს შეგვიძლია ვისაუბროთ მონაცემთა ანალიტიკოსების მიმართულებითაც. AI-მ შეიძლება გარკვეულწილად გავლენა მოახდინოს დიზაინერებზე. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ის ასევე დიდ გავლენას იქონიებს აკადემიურ საქმიანობაზე, ჟურნალისტიკაზე, ისეთ კრეატიულ მიმართულებებზე, როგორებიცაა – მწერლები, კომპოზიტორები და ა.შ. ისინი შესაძლოა სრულად ვერ გააქროს, მაგრამ მათ ფუნქციას გარკვეულწილად შეცვლის. თუნდაც თარჯიმნების სამუშაო, ვფიქრობ, ძალიან დიდი რისკის ქვეშ არის, რადგან AI-ს თარგმნები უკვე დანერგილია და აქტიურად იყენებენ, ეს კი ფიზიკური თარჯიმნების საჭიროებას თითქმის აღმოფხვრის.

დღესდღეობით, ხელოვნური ინტელექტი იმაზე სწრაფად ვითარდება, ვიდრე მოსალოდნელი იყო. ის ადამიანი, ვინც თვალს ადევნებს სიახლეებს, შეატყობს, რომ ყოველთვე ახალ გარდატეხად და რევოლუციურ ნაბიჯებს ვდგამთ ყველა მიმართულებით. ვფიქრობ, ძალიან საინტერესო მომავალი გველოდება. AI იმდენად სწრაფად ვითარდება, რომ უშუალოდ ადამიანის ფუნქცია არის, არ ჩამორჩეს და მიჰყვეს ამ პროცესს“, – განაცხადა გიორგი ვეკუამ.

კითხვაზე თუ შეიძლება არსებობდეს რაღაც, რის გაკეთებასაც ხელოვნური ინტელექტი ვერასდროს შეძლებს, გიორგი ვეკუა გვპასუხობს, რომ „შეიძლება გააკეთოს, მაგრამ ჩვენ არ მოგვეწონოს“.

„ამ ეტაპზე, ვერც ერთი მენეჯერი ვერ ანდობს სრულად გადაწყვეტილებას ხელოვნურ ინტელექტს. ბოლო „კი“ მაინც ადამიანზე წყდება“, – თქვა მან.

სავაჭრო სამრეწველო პალატის დირექტორის მოადგილემ იმ პროფესიებზეც ისაუბრა, რომლებსაც ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში წარმატების მიღწევის დიდი შესაძლებლობა აქვთ.

ამ მხრივ, მან „ანტრეპრენერები“, მედია და კრეატორები გამოყო.

„ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში ძალიან ბევრ პროფესიას აქვს წარმატების მიღწევის შესაძლებლობა. ვფიქრობ, აქ კომბინირებული უნარების ადამიანებზეა საუბარი. მაგალითად, „ანტრეპრენერები“, ასევე კრეატორები და მედია. თუ ადრე სოციალურ ქსელში სამუშაოს შესრულებას მთელი გუნდი სჭირდებოდა, ახლა 2-3 ადამიანს შეუძლია მთელი სპექტრი შექმნას“, – აღნიშნა ვეკუამ.

გარდა ამისა, სავაჭრო სამრეწველო პალატის დირექტორის მოადგილე მიიჩნევს, რომ ქართული კომპანიები მზად არიან ცვლილებებისთვის და მონდომებაც ძალიან მაღალია.

„ამ მხრივ კვლევასაც ვატარებთ, თუ როგორ შეიძლება განვითარდნენ კომპანიები AI-ის მიმართულებით, თუმცა დღესდღეობით საქართველოში ამის მიმართ ინფორმაციის ნაკლებობაა. ყველამ იცის, რომ ხელოვნური ინტელექტი უნდა, მაგრამ კონკრეტულად არ ესმის და არ იცის როგორ გამოიყენოს ის. მომავალში ვგეგმავთ ტრენინგებს და სხვადასხვა ტიპის საინფორმაციო შეხვედრებს, რათა ეს ცნობიერება ავამაღლოთ. ამასთან, ძალიან ბევრი კარგი ორგანიზაციაა, იგივე GITA და სხვა, რომლებიც ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით ნერგავენ სხვადასხვა ტიპის საინფორმაციო ღონისძიებებს. ხელოვნური ინტელექტის დანერგვა უშუალოდ აისახება ფინანსებზე და საოპერაციო პროცესებზე. ვფიქრობ, რაც უფრო მეტი წარმატების მაგალითი გვექნება, მონდომებაც და ჩართულობაც უფრო გაიზრდება“, – განაცხადა გიორგი ვეკუამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები