რუსეთის კამჩატკის სანაპიროსთან, 1952 წლის შემდეგ ყველაზე ძლიერი, 8,8 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. ცუნამის გაფრთხილებები გამოცხადდა რუსეთში, აშშ-სა და იაპონიაში.
აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის შეფასებით, მიწისძვრა კამჩატკას აღმოსავლეთ სანაპიროდან დაახლოებით 136 კილომეტრში, 19.3 კილომეტრის სიღრმეზე მოხდა.
კამჩატკის ნახევარკუნძულზე მიწისძვრით გამოწვეული ცუნამის სიმაღლემ 4 მეტრს მიაღწია.
ცუნამის გაფრთხილება გამოცხადდა ალასკაში ალეუტის კუნძულებსა და აშშ-ის კუნძულ ჰავაიზე. „როიტერის“ ცნობით, ჰავაიზე ხელისუფლებამ ზოგიერთი რაიონის მოსახლეობის ევაკუაცია ბრძანა.
“წყნარ ოკეანეში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის გამო, ჰავაის მაცხოვრებლებისთვის ცუნამის შესახებ გაფრთხილება ძალაშია”, – დაწერა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში.
ცუნამის გაფრთხილება ასევე მოქმედებს იაპონიის სანაპირო რაიონებში. მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შემდეგ იაპონიაში 2 მილიონზე მეტ ადამიანს ევაკუაციისკენ მოუწოდეს. ქვეყნის მეტეოროლოგიურმა სააგენტომ მოსახლეობა ერთ მეტრამდე სიმაღლის შესაძლო ტალღების შესახებ გააფრთხილა. ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში ზოგიერთი მატარებლის მოძრაობა შეჩერებულია.