“ეს კვლევა ეხება მთელ კაცობრიობას” – რას ამბობს ექსპედიციის ხელმძღვანელი ოროზმანში (დმანისში) აღმოჩენილ 1.8 მილიონი წლის ადამიანის ყბასთან დაკავშირებით
დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ოროზმანში 1.8 მილიონი წლის ადამიანის ქვედა ყბა აღმოაჩინეს.
აღნიშნულთან დაკავშირებით “კვირა” ექსპედიციის ხელმძღვანელს გიორგი ბიძინაშვილს დაუკავშირდა.
ბიძინაშვილი აღმოჩენის მნიშვნელობას უსვამს ხაზს და ამბობს, რომ ეს კვლევა მთელ კაცობრიობას ეხება.
“აღნიშნული ექსპედიცია 2025 წელს დაიწყო. 2022 წელს ვიპოვეთ ადამიანის კბილი, მერე ორი წელი არ იყო ექსპედიცია. 2025 წელს განვაახლეთ. სულ რამდენიმე დღის წინ აღმოვაჩინეთ ეს ქვედა ყბა. ექსპედიციაში მონაწილეობენ ქართველი და უცხოელი მეცნიერები, ასევე სტუდენტები, სხვადასხვა ინსტიტუციც.
მინერალიზებული ქანი არის ძალიან მაგარი და ზედ არის მიქვავებული ეს ყბა, შესაბამისად ეროვნული მუზეუმის შესაბამის ლაბორატორიაში თვეები დასჭირდება მის სრულიად გასუფთავებას. ეროვნულ მუზეუმში იქნება და იქ შევისწავლით.
რაც შეეხება ყბის ასაკის დადგენას, დათარიღებული ფენა არის, ის ფენა სადაც არის აღმოჩენილი ყბა, მიეკუთვნება 1,8 მილიონ წელს.
მოგეხსენებათ, ქვედა ქართლი ერთ-ერთი გამორჩეული რეგიონია საქართველოში, უამრავი არქეოლოგიური ობიექტია.
ოროზმანი და დმანისი წარმოადგენენ ევრაზიის უძველესი ადამიანებისთვის დასახლებებს, შესაბამისად, დიდია ყურადღება საერთაშორისო სამეცნიერო წრეების მხრიდან. ისეთი მნიშვნელოვანი ძეგლია, რომ აუცილებელია გათხრები ტარდებოდეს და ამიტომ განვაახლეთ და კიდევ გაგრძელდება. “ილიაუნის” სტუდენტებიც მონაწილეობენ, ახლა ჰელსინკის უნივერსიტეტის მეცნიერებიც ჩამოვლენ და ერთობლივ კვლევებს გავაგრძელებთ. დამატებით, კიდევ ველოდებით ქართველ სტუდენტებს.
მას ჩვენ შევისწავლით, თუმცა პროცესში საერთაშორისო მეცნიერებიც ჩაერთვებიან.
ქართული სამეცნიერო სკოლა არის ძლიერი და კომპეტენტური იმისთვის, რომ ასეთი მნიშვნელოვანი აღმოჩენები შეისწავლოს და რა თქმა უნდა უცხოელ კოლეგებთან ერთადაც ვიმუშავებთ, რადგან ეს არ არის კონკრეტულად ქართველების წინაპარი, ეს არის კაცობრიობის წინაპარი, უძველესი ადამიანების შესახებაა, ეს კვლევა ეხება მთელ კაცობრიობას. ანუ, მისი მნიშვნელობა იზრდება იმიტომ, რომ ეს არის როგორც ადამი…”,- განაცხადა ექსპედიციის ხელმძღვანელმა “კვირასთან” საუბრისას.