75 წლის ასაკში ცნობილი მეცნიერი, ფოლკლორისტი რუსუდან ჩოლოყაშვილი გარდაიცვალა

გარდაიცვალა ცნობილი მეცნიერი, ფოლკლორისტი რუსუდან ჩოლოყაშვილი. ინფორმაციას ისტორიკოსი ნიკო ჯავახიშვილი ავრცელებს სოციალურ ქსელში.

რუსუდანის მამა – კოტე კონსტანტინეს ძე ჩოლოყაშვილი

„რუსუდან ჩოლოყაშვილის ხსოვნა

ზეციურ საქართველოს კიდევ ერთი, ფრიად ღირსეული ქართველი მანდილოსანი შეუერთდა…
31 ივლისს, 75 წლის ასაკში, თბილისში გარდაიცვალა ცნობილი მეცნიერი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, ფოლკლორისტი რუსუდან კონსტანტინეს ასული ჩოლოყაშვილი (1950-2025).
თავად ჩოლოყაშვილთა საგვარეულოს ამ ღირსეულ შთამომავალს ჰყავდა საამაყო წინაპრები და ნათესავები, რომლებიც საქართველოს სამეფოს წარჩინებული სახელმწიფო და სამხედრო მოღვაწენი იყვნენ. მათ შორის კმარა გახსენება მხოლოდ ბახტრიონის 1660 წლის აჯანყების ერთ-ერთი მესვეურის – ბიძინა ჩოლოყაშვილისა, რომელიც საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა.
რუსუდან ჩოლოყაშვილი დაიბადა 1950 წლის 3 იანვარს, თბილისში, სახელოვანი ეთნოლოგის კონსტანტინე (კოტე) კონსტანტინეს ძე ჩოლოყაშვილის (1922-2013) ოჯახში. ამ უკანასკნელის მამა – კონსტანტინე დავითის ძე ჩოლოყაშვილი (1898-1922) გახლდათ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის არმიის ოფიცერი და ქაიხოსრო (ქაქუცა) ჩოლოყაშვილის ხელმძღვანელობით მოქმედი „შეფიცულთა რაზმის“ წევრი, რომელიც ბოლშევიკურმა რეჟიმმა დააპატიმრა და 1922 წლის სექტემბერში დახვრიტა. იმხანად მისი ზემოხსენებული ვაჟი კონსტანტინე ერთი თვისაც არ იყო…

რუსუდანის პაპა – კონსტანტინე დავითის ძე ჩოლოყაშვილი.

დიდებულ წინაპართა გენეტიკური შთამომავალი რუსუდან ჩოლოყაშვილი თავადაც კეთილშობილი პიროვნება გახლდათ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი წარჩინებით დასრულების (1972 წ.) შემდეგ მოღვაწეობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტში, სადაც ფოლკლორისტიკის განყოფილებას ხელმძღვანელობდა. იქვე დაიცვა საკანდიდატო და სადოქტორო დისერტაციები. გამოქვეყნებული ჰქონდა საყურადღებო ნაშრომები ქართულ ფოლკლორისტიკაში.
ქალბატონ რუსუდანთან და მის მამასთან ხანგრძლივი, მეგობრული ურთიერთობა მაკავშირებდა. არაერთხელ ვყოფილვარ სტუმრად მათ ბინაში, რომელიც უნივერსიტეტის მთავარი კორპუსის მახლობლად, კორნელი კეკელიძის ქუჩის დასაწყისში მდებარეობს…
რუსუდანს ჰყავდა ტყუპისცალი ძმა – პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, არქეოლოგი, დოქტორი ბიძინა ჩოლოყაშვილი (1950-2024), რომელიც უკანასკნელი მესამედი საუკუნის განმავლობაში პარიზში ცხოვრობდა და მოღვაწეობდა. იგი 2024 წლის 29 ნოემბერს, პარიზიდან თბილისში ჩამოვიდა და სამწუხაროდ, საკუთარი ბინის კარებთან მისული გარდაიცვალა. გულსატკენია, რომ მისი გარდაცვალებიდან წლისთავიც არ გასულა და რუსუდანმაც დაგვტოვა… როგორც ამბობენ, ტყუპებს უერთმანეთოდ უჭირთო…
უფალმა გაანათლოს რუსუდან ჩოლოყაშვილის სპეტაკი სული და უდღეგრძელოს ძმისწულები“! – წერს ნიკო ჯავახიშვილი სოციალურ ქსელში.

ფოტოზე: რუსუდანი მამასთან – კოტე (კონსტანტინე) ჩოლოყაშვილთან და ქართველოლოგ ქევინ თუითთან ერთად (2006 წ.).

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები