BBC: ბრიტანეთი წვრთნების ჩასატარებლად უკრაინაში სამხედროების გაგზავნას განიხილავს
ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო უკრაინაში ბრიტანელი სამხედროების გაგზავნის შესაძლებლობას განიხილავს, რათა უკრაინის არმიისთვის დამატებითი წვრთნები ჩაატაროს, – ამის შესახებ BBC წერს.
ამჟამად, ბრიტანეთი უკრაინელ სამხედროებს საკუთარ ტერიტორიაზე წვრთნის. ასევე, უკრაინაში ბრიტანელი სამხედრო ექიმების მცირე ჯგუფი მუშაობს, რომლებიც სამედიცინო სფეროში წვრთნებს ატარებენ.
თავდაცვის მდივანი ჯონ ჰილი კიევში იმყოფებოდა, სადაც უკრაინისთვის მომავალი მხარდაჭერის გეგმებზე იმსჯელეს.
ჰილიმ უკრაინას 225 მილიონი ფუნტის ღირებულების სამხედრო დახმარება აღუთქვა, რომელიც დრონებს, საარტილერიო ჭურვებსა და საჰაერო თავდაცვის სისტემებს მოიცავს.
“ჩვენი და უკრაინის ერთობლივი გეგმის დეტალები რუსეთის პრეზიდენტისთვის, ვლადიმერ პუტინისთვის უცნობი უნდა დარჩეს”, – განაცხადა ჰილიმ მედიასთან საუბრისას.
ცნობილია, რომ ბრიტანელი სამხედროების უკრაინაში გაგზავნის საკითხი დღეს, ბრიუსელში დაგეგმილ შეხვედრაზეც განიხილება, სადაც მონაწილეობას ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მდივანი დევიდ ლემი, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და ნატო-ს წევრი ქვეყნების წარმომადგენლები მიიღებენ.