ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს ელჩი უწყებაში დაიბარა

დღეს ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს ელჩი ზურაბ ხამაშურიძე დაიბარა, რათა განეხილათ საქართველოს მოქალაქეების, ოპოზიციის ლიდერებისა და ჟურნალისტების მიმართ ძალადობა და საქართველოს მმართველი პარტიის დღევანდელი მტრული განცხადება ესტონეთის შესახებ, – ამის შესახებ ინფორმაციას ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მარგუს ცაჰკნა ავრცელებს.

„ავტორიტარული ხელისუფლებისა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის დღევანდელი განცხადებები არის მიუღებელი, მტრული და სიცრუით სავსე. სამწუხაროა, რომ ქვეყნის წარმომადგენლები, რომელთა სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობასა და ევროპისკენ მიმავალ პროგრესს ესტონეთი მხარს უჭერს თითქმის 30 წელია, ესტონეთის სუვერენიტეტის მიმართ მტრულ რიტორიკას ატარებენ, რითიც იმეორებენ რუსეთის მოსაზრებებს“, – განაცხადა მარგუს ცაჰკნამ.

ესტონეთის საგარეო უწყების ცნობით, ელჩთან შეხვედრისას საუბარი შეეხო საქართველოში გამართულ საპარლამენტო არჩევნებს, წინა და შემდგომ პერიოდს.

„არჩევნების მონიტორინგის საერთაშორისო ორგანიზაციებმა დაადასტურეს ფართომასშტაბიანი დარღვევების ფაქტი და ესტონეთის მთავრობამ თავისი პოზიცია გამოთქვა. ელჩთან შეხვედრაზე აღინიშნეს, რომ საქართველოს ქუჩებში საპროტესტო აქციების სასტიკი დარბევა მიუღებელია და არღვევს ადამიანის უფლებებს“, – ნათქვამია ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.

„კანონის უზენაესობის პრინციპის შესაბამისად, ესტონეთი ამას ვერ შეეგუება. ჩვენ გავაკეთეთ შესაბამისი განცხადებები და დავაწესეთ სანქციები მოგზაურობის აკრძალვის შესახებ ძალადობაზე პასუხისმგებელი 25 პოლიტიკოსისა და მაღალი თანამდებობის პირის წინააღმდეგ. მმართველი პარტიის გადაწყვეტილებამ შეაჩეროს საქართველოს ევროინტეგრაცია, ხალხი გააოგნა და აიძულა ისინი საკუთარი აზრის გამოხატვის მიზნით ქუჩაში გამოსულიყვნენ და მათ ამის უფლება აქვთ“, – აღნიშნა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები