რობერტა მეცოლა: ჩვენ მოვიწვიეთ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროპარლამენტში
ჩვენ მოვიწვიეთ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროპარლამენტში, – ამის შესახებ ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტა მეცოლამ ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„ევროპარლამენტი სოლიდარობას უცხადებს ქართველ ხალხს, რომელიც უკვე ორი კვირაა, თბილისისა და მთელი ქვეყნის ქუჩებში მშვიდობიანად და მოთმინებით გამოდის ევროპული მომავლის მოწოდებით, აფრიალებს ევროკავშირის დროშებს, როდესაც მათ წყლის ჭავლი ესხმევათ. მივმართავ ქართველ ხალხს – ჩვენ გხედავთ, გვესმის თქვენი და თქვენ გვერდით ვართ. ეს პარლამენტი გმობს რეპრესიებს ქართული ოპოზიციის წინააღმდეგ და ძალის გამოყენებას მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ. ასეთი ქმედებები შეუთავსებელია საქართველოს ევროკავშირის გზასთან.
ჩვენ მოვუწოდებთ გადამწყვეტი ქმედებებისკენ, მათ შორის, სანქციების დაწესებისკენ იმ პირების წინააღმდეგ, ვინც პასუხისმგებელია დარღვევებზე და მოვუწოდებთ ყველა, 27-ვე წევრ ქვეყანას, გაერთიანდნენ და მიაღწიონ შეთანხმებას ამ ზომებზე.
ჩვენ მოვიწვიეთ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროპარლამენტში. ჩვენ მასთან ერთად ვმსჯელობთ, თუ როგორ უნდა გავაკეთოთ ეს საუკეთესოდ, რა ფორმატი იქნება უკეთესი. ამასთან ერთად, ვისარგებლებ შესაძლებლობით და მადლობას გადავუხდი ჩვენს კოლეგებს, ევროპარლამენტის წევრებს, რომლებიც გასულ კვირას საქართველოში მისიით იმყოფებოდნენ“, – განაცხადა რობერტა მეცოლამ.