ზვიად შალამბერიძე: დარწმუნებული ვარ, რაც მეტი დრო გავა მით უფრო გაიზრდება ევროკავშირის წევრი იმ ქვეყნების ლიდერების რიცხვი, რომელიც გვერდით დაუდგება ჩვენს ხელისუფლებას
დარწმუნებული ვარ, რაც მეტი დრო გავა მით უფრო გაიზრდება ევროკავშირის წევრი იმ ქვეყნების ლიდერების რიცხვი, რომელიც გვერდით დაუდგება ჩვენს ხელისუფლებას, – ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს პარლამენტის წევრმა, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ზვიად შალამბერიძემ განაცხადა.
მისი თქმით, პირველი, ვინც ხმა აიმაღლა და გვერდით დაუდგა საქართველოს ხელისუფლებას იყო უნგრეთი და ის ყოველთვის ობიექტურად აფასებდა იმ სიტუაციას, რაც საქართველოში ხდებოდა.
„შემდეგ იყო სლოვაკეთი, ახლა არის ლუქსემბურგი და დარწმუნებული ვარ, რომ რაც მეტი დრო გავა მით უფრო გაიზრდება ევროკავშირის წევრი ამ ქვეყნების ლიდერების რიცხვი. შეიძლება მათ ისეთივე მკაცრი განცხადებები არ გააკეთონ, როგორც ამას უნგრეთი აკეთებს, მაგრამ ვფიქრობ იქნება გარკვეული შეწონილი განცხადებები, ისე, როგორც დღეს ავსტრიამ გააკეთა. ავსტრიამ დაგმო ძალადობა, რასაც ხედავენ, მაგრამ განაცხადა, რომ არ შეიძლება ასე ერთი ხელის მოსმით ქვეყნის სანქცირება, როდესაც ჯერჯერობით კონკრეტულად ინფორმაცია არ აქვს არჩევნებმა როგორ ჩაიარა. რა თქმა უნდა ინფორმაცია გარკვეულ სახელმწიფოებს აქვთ ცალმხრივი, რომელსაც ჩვენი ე.წ. კეთილისმსურველი არასამთავრობოები არიგებენ მარჯვნივ-მარცხნივ. სამწუხაროა, რომ ამ ინფორმაციას ეყრდნობიან გარკვეული სახელმწიფოები და არა ოფიციალურ ინფორმაციას. ჩვენ კიდევ ველოდებით 19-ში სახელმწიფოების ლიდერების შეკრებას და იმედი მაქვს იქაც გაკეთდება განცხადებები და გარდა ჩამოთვლილი სახელმწიფოებისა, რომლებიც ობიექტურად აფასებენ საქართველოში მდგომარეობას, იქნება სხვა სახელმწიფოები, რომლებიც ასევე იტყვიან და შეაფასებენ ჩვენს ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას“, – აღნიშნა შალამბერიძემ.