ნეთანიაჰუ – ირანელ ხალხს: ქალები, ცხოვრება, თავისუფლება – ეს არის ირანის მომავალი და ეჭვი არ მეპარება, რომ ჩვენ ერთად ამ მომავალს რეალობად ვაქცევთ
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ირანელ ხალხს გამოუცხადა, რომ მისი ქვეყანა ყველა მეზობელთან მშვიდობისთვის იბრძვის და სურს მათ შორის თავისუფალი ირანი ნახოს.
ნეთანიაჰუს თქმით, ეს შეიძლება იმაზე მალე მოხდეს, ვიდრე სხვებს წარმოუდგენიათ.
„მსურს გარკვევით ვთქვა, ისრაელს მშვიდობა სურს. ჩვენ გვინდა მშვიდობა ყველასთან, ვისაც ნამდვილად სურს ჩვენთან მშვიდობა. ეჭვი არ მეპარება, რომ თქვენ, ირანელმა ხალხმა, ეს იცით. თქვენ გინდათ მშვიდობა, მაგრამ რეჟიმის გამო იტანჯებით. ერთ დღეს ირანი თავისუფალი იქნება.
ქალები, ცხოვრება, თავისუფლება – ეს არის ირანის მომავალი და ეჭვი არ მეპარება, რომ ჩვენ ამ მომავალს რეალობად ვაქცევთ ერთად, ბევრად უფრო ადრე, ვიდრე ბევრს წარმოუდგენია. ვიცი და მჯერა, რომ ახლო აღმოსავლეთი კეთილდღეობის, პროგრესისა და მშვიდობის ბასტიონად იქცევა“, – აცხადებს ნეთანიაჰუ.