კახეთის პოლიციამ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა – დაკავებულია ერთი პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის ლაგოდეხის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე, სანადირო თოფიდან გასროლით დაჭრა ქალი და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
“დაჭრილი ქალი შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაში გადაიყვანეს.
სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს.
პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – სანადირო თოფი ნივთმტკიცებად ამოიღო.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს,”- წერია ინფორმაციაში.