დონალდ ტრამპმა საკუთარ ინაუგურაციაზე ჩინეთის ლიდერი მიიწვია
აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავის ინაუგურაციაზე ჩინეთის ლიდერი სი ძინ პინი დაპატიჟა,- ამის შესახებ ამერიკული არხი CBS ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით წერს.
მათი თქმით, მოსაწვევი ჩინეთის ლიდერს ნოემბრის დასაწყისში, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების დასრულებიდან მალე გაეგზავნა.
აშშ-ის პრეზიდენტების ინაუგურაციებზე, როგორც წესი, იწვევენ უცხოეთის ქვეყნების ელჩებსა და სხვა დიპლომატებს. სახელმწიფო დეპარტამენტის თანახმად, 1874 წლიდან ამ ცერემონიაში არცერთ უცხოელ ლიდერს არ მიუღია მონაწილეობა.
CBS-ის თანახმად, ტრამპის გუნდი ინაუგურაციაზე მსოფლიოს სხვა ლიდერების მიწვევასაც განიხილავს. კერძოდ – უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის, რომელმაც არაერთხელ განაცხადა, რომ დონალდ ტრამპის პოლიტიკური მოკავშირეა.
ცნობისთვის, დონალდ ტრამპის ინაუგურაცია 2025 წლის 20 იანვარს გაიმართება.