ქართველი ქალი კინორეჟისორების ფილმები ბუსანის საერთაშორისო კინოფესტივალზე

ბუსანის მე-19 საერთაშორისო კინოფესტივალზე, 2-11 ოქტომბერს, სპეციალურ პროგრამაში „ფოკუსი“, წარმოდგენილი იქნება „ქართველი ქალი კინორეჟისორების სიძლიერე“ – ქალი კინორეჟისორების 12 განსხვავებული ფილმი, საქართველოს პირველი ქალი რეჟისორის, ნუცა ღოღობერიძის ნამუშევრიდან „ახალი ქართული ტალღის“ თაობის წარმომადგენლებამდე. სპეციალური პროგრამა საქართველოს და ქართველ ქალ რეჟისორებს ეძღვნება. ქალი რეჟისორების მიერ გადაღებულ 12 ფილმში ასახულია საქართველოს სოციალური პრობლემები, წინააღმდეგობა, დისკრიმინაცია და კონფლიქტი. მაყურებლის წინაშე წარმოდგენილი იქნება საქართველოს ახალი კინემატოგრაფიული ესთეტიკა, გენდერის მიუხედავად.
პროგრამაში წარმოდგენილი იქნება ფილმები:

• „ბუბა“ (ნუცა ღოღობერიძე)
• „ბახმარო“ (სალომე ჯაში)
• „პატარძლები“ (თინათინ ყაჯრიშვილი)
• „ძმა“ (თეონა გრენადე-მღვდელაძე, ტიერი გრენადე)
• „დღეს ღამე უთენებია“ (ლანა ღოღობერიძე)
• „ფელიჩიტა“ (სალომე ალექსიმესხიშვილი)
• „გრძელი ნათელი დღეები“ (ნანა ექვთიმიშვილი, საიმონ გროსი)
• „გაიღიმეთ!“ (რუსუდან ჭყონია)
• „მარილივით თეთრი“ (ქეთი მაჭავარიანი)
• „სუსა“ (რუსუდან პირველი)
• „მანქანა, რომელიც ყველაფერს გააქრობს“ (თინათინ გურჩიანი)
• “იავნანა” (ნანა ჯანელიძე)

სამხრეთ კორეაში ბუსანის ფესტივალს დაესწრებიან: საქართველოს ეროვნული კინოცენტრის დირექტორი – ნანა ჯანელიძე, ექსპორტისა და დისტრიბუციის დეპარტამენტის უფროსი – დავით ვაშაძე, ასევე რეჟისორები: ლანა ღოღობერიძე, თინა გურჩიანი, ნანა ექვთიმიშვილი.
სექციაში World Cinema ნაჩვენები იქნება გიორგი ოვაშვილის „სიმინდის კუნძული“. ინდუსტრიული კუთხით, ნანა ექვთიმიშვილის პროექტი „ჩემი ბედნიერი ოჯახი“ მონაწილეობას მიიღებს აზიის პროექტების ბაზარზე – Asia Project Market.
გალაპრემიერაზე კი ნაჩვენები იქნება მოჰსენ მაჰმალბაფის ფილმი „პრეზიდენტი“, რომელიც წარმოადგენს ქართულ-ფრანგულ-გერმანულ-ბრიტანულ კოპროდუქციას. ფილმის აზიურ პრემიერას მთავარი როლის შემსრულებელი, მიშა გომიაშვილიც დაესწრება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები